ჯეიმს აპატურაი - ივლისის სამიტისთვის ველოდები მკაფიოდ დაფიქსირებას, როგორ უნდა წავიდნენ წინ ნატო და საქართველო
პირველი არხის კორესპონდენტი ბრიუსელში, სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის ესაუბრა.
ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაი შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ჩართვის, ნატო-ს 2018 წლის სამიტის მზადების, აგრეთვე რუსეთის ფაქტორის შესახებ საუბრობს.
როგორც აპატურაი ამბობს, 2018 წელს საქართველო ნატო-ს მხრიდან უნდა ელოდოს აქტიურად და ყურადღებით იმ პროგრესის შეფასებას, რომელსაც ასპირანტმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს. ნატო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ – ასპირანტების ალიანსთან დასაახლოებლად ორგანიზაცია მუშაობას გააგრძელებს; საქართველოს უკვე აქვს ყველა მექანიზმი მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად. საქართველოს შესახებ მომზადებული გასული წლის ბოლო შეფასება იყო საკმაოდ პოზიტიური. ალიანსმა პოზიტიურად შეაფასა ქართული რეფორმები. ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აღიარებენ და აფასებენ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ნატო-ს 2018 წლის სამიტისთვის, ველოდები შეთანხმებას და ძალიან მკაფიო ენით დაფიქსირებას, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ ნატო და საქართველო.
შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველოს ჩართულობა
-რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-მ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის პოლიტიკური და სამხედრო ქმედებები გააძლიერა. ნატო-ს უფრო მეტი თვითმფრინავი აკონტროლებს ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს. რეგიონში ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები გვაქვს. ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ჩაატარეს და მომავალშიც იგეგმება სამხედრო წვრთნები. ალიანსი მონიტორინგს უწევს არსებულ ვითარებას. ამ პროცესში საქართველოს ჩართულობა გაიზარდა. მიმდინარეობს ინფორმაციისა და ანალიზის გაცვლა. ვაღრმავებთ სამხედრო თანამშრომლობას და 2018 წელს დამატებითი ნაბიჯები გადადგმა იგეგმება.
ჩვენ საქართველოსთან ერთად უკვე ნაყოფიერად ვმუშაობთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოს მთავრობამ შემოგთავაზა რამდენიმე მიმართულება, სადაც შეგვიძლია თანამშრომლობა გავაღრმავოთ. ამ წინადადებების უმრავლესობა უკვე გათვალისწინებულია. ჩვენ მალე შევხვდებით ქართულ მხარეს და ვიმსჯელებთ, თუ რა შეიძლება დამატებით გავაკეთოთ.
მზადება 2018 წლის სამიტისთვის
-2018 წლისთვის ნატო-ს სრული შემადგენლობა უკვე ახალ შენობაში განთავსდება. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიზანია, სამიტმა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ალიანსი ერთიანია, ძლიერდება და ახდენს ეფექტიან ადაპტაციას ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან. სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია . მინდა დავასახელო რამდენიმე ელემენტი. ნატო იმსჯელებს ავღანეთის ოპერაციაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ნატო-ს კოლექტიური თავდაცვა, როგორ გაღრმავდეს თანამშრომლობა პარტნიორებთან, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რა შეიძლება ნატო-მ გააკეთოს მეტი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ამ საკითხებთან ერთად, ლიდერები იმსჯელებენ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკაზე.
გაზაფხულზე დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ასპირანტების მიერ მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ივლისის სამიტისთვის ველოდები მკაფიო ენით დაფიქსირებას, თუ როგორ უნდა წავიდენ წინ საქართველო და ნატო. ასევე დავამატებ, რომ
ნატო-ს წევრობა არ არის „მუსიკალური სკამების“ თამაში. ეს არ არის შეჯიბრი შეზღუდული ადგილების მოსაპოვებლად, ნატო თითოეულ ქვეყანას ინდივიდუალურად და საკუთარი მიღწევების მიხედვით აფასებს.
რა შეიცვალა მას შემდეგ , რაც ნატო-მ რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყვიტა. ხედავს თუ არა ალიანსი პოზიტიურ ცვლილებებს
-სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სიტუაციის კუთხით ბევრი რამ არ შეცვლილა. საქართველოში ბორდერიზაცია და ყველასათვის ნაცნობი ნაბიჯების გადადგმა გრძელდება. რუსეთი კვლავაც განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას, რუსეთი ისევ არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და უგულვებელყოფს აღებულ ვალდებულებებს. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკური დიალოგი. ამ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გამოვხატავთ შეშფოთებას და შეხედულებებს. რისკების შემცირებისა და მეტი გამჭვირვალეობისთვის გავაუმჯობესეთ სამხედრო კუთხით კონტაქტები, რაც სარგებელს მოუტანს ევრო-ატლანტიკურ სივრცეს.