ჯეი დი ვენსი - ირანელები დათანხმდნენ, კვლავ მიიწვიონ ქვეყანაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები, ეს არის პირველი ნაბიჯი ბირთვული პროგრამის შეჩერებისკენ, ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, ირანი იწვევს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებს ბირთვული ობიექტების ინსპექტირებისთვის.
ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ირანელები დათანხმდნენ, კვლავ მიიწვიონ ქვეყანაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები. ეს არის პირველი ნაბიჯი საბოლოო დენუკლიარიზაციისკენ ან ბირთვული პროგრამის შეჩერებისკენ ირანში. ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურდა, რასაც ირანს ვთხოვდით“, – განაცხადა ვენსმა.
ვენსმა არ გამორიცხა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტები ირანში უკვე დღეს, 22 ივნისს ჩავიდნენ.
21 ივნისს შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას ვენსმა თქვა, რომ აშშ-მა და ირანმა სერიოზული საფუძველი ჩაუყარეს წარმატებულ დასკვნით შეთანხმებას. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში ან კვირებში განახლდება.
„გუშინ იყო ძალიან კარგი დღე. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანული აქტივების განბლოკვა სარგებელს მოუტანს აშშ-ს. ვენსმა ასევე თქვა, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილია და ნავთობი და ბუნებრივი აირი იაფდება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ლიბანთან დაკავშირებულ საკითხებზეც. მისი თქმით, ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტის გადასაჭრელად მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს.
„ჩვენ გვინდა, ისრაელის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს, ისევე როგორც დაცული იყოს ლიბანის სუვერენიტეტი. ეს განვიხილეთ გუშინ და ვფიქრობ, იმაზე მეტად წავიწიეთ წინ, ვიდრე ეს 24 საათის წინ იყო. ეს სამუშაო ჯერ არ არის დასრულებული“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.