აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანის ნავთობზე სანქციები შეჩერებულია და საზღვარგარეთ გაყინული ირანული აქტივების ნაწილი განბლოკილია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანის ნავთობზე სანქციები შეჩერებულია და საზღვარგარეთ გაყინული ირანული აქტივების ნაწილი განბლოკილია.
არაღჩის თქმით, „ირანის მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმა“ დაიწყო, თუმცა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ისმაილ ბაღაი აცხადებს, რომ შვეიცარიაში დელეგაციები საბოლოო შეთანხმებამდე მისასვლელი წინაპირობების განხილვაზე შეთანხმდნენ. ბაღაის განმარტებით, ძირითადი საკითხები მოიცავს ირანის გაყინული აქტივების განბლოკვას და ნავთობის გაყიდვაზე სანქციების შეჩერებას. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, ირანმა თავდაპირველად უარი თქვა აშშ-თან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა მედიასთან ინტერვიუში გაჟღერდა.
„ოთხმხრივი შეხვედრის დროს გამოქვეყნდა შეერთებული შტატების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადება, რის გამოც ირანმა განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში ის არ იყო მზად ოთხმხრივი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ბაღაიმ.