ჯეფ ბეზოსის მშენებარე კოსმოსურმა სადგურმა ტესტირების ძირითადი ეტაპები წარმატებით გაიარა — #1tvმეცნიერება
ჯეფ ბეზოსის მშენებარე კოსმოსურმა სადგურმა ტესტირების ძირითადი ეტაპები წარმატებით გაიარა — #1tvმეცნიერება

საერთაშორისო კოსმოსური სადგური მუდმივად ვერ იარსებებს და მის ჩასანაცვლებლად NASA ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს.

ერთ-ერთი იმედისმომცემი კანდიდატია „ორბიტული რიფი“ (Orbital Reef) — ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანია Blue Origin-ისა და Sierra Space-ის ერთობლივი პროექტი.

NASA-ს განცხადებით, Orbital Reef-ის ზოგიერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ტექნოლოგიამ უკვე გაიარა ოთხი მთავარი ნაბიჯი, მათ შორის, მომავალი ასტრონავტებისა და ტურისტების შარდის გადამამუშავებელმა სისტემამ.

„ეს საეტაპო მოვლენები კრიტიკულია, რათა დავრწმუნდეთ, რომ კომერციულ დანიშნულების ადგილს ადამიანთა სიცოცხლის მხარდაჭერა შეუძლია“, — ამბობს NASA-ს პროგრამის მენეჯერი ანგელა ჰარტი.

ამ ნაბიჯებს შორის იყო Orbital Reef-ის რეგენერაციული სისტემის ტესტირებათა სერია. ამ სისტემამ უნდა უზრუნველყოს სუფთა ჰაერი და წყალი იქ მყოფი ადამიანებისთვის.

Orbital Reef

ზოგიერთ ტესტს შორის იყო სისტემის უნარი, ჰაერიდან ამოიღოს დაბინძურება, შარდის გადამუშავება და წყლის ავზის მოვლა.

ასეთი სისტემა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსაც აქვს, რომელიც ადამიანთა ამონასუნთქს, ოფლსა თუ ფეკალიებს წყლად და ჟანგბადად გადაამუშავებს.

„სანამ დაიწუწუნებთ იმაზე, რომ ნაბანი წყლისა და შარდისგან მიღებული წყალი უნდა დალიოთ, გახსოვდეთ, რომ ის უფრო სუფთაა, ვიდრე იმ წყლის უმეტესობა, რომელსაც ყოველდღიურად სვამთ სახლში“, — ამბობს კოსმოსური სადგურის ყოფილი ხელმძღვანელი კრის ჰედფილდი.

უფრო მეტიც, უკვე 15 წელია, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტები ერთმანეთის შარდის გადამუშავების შედეგად მიღებულ კრისტალურად სუფთა წყალს სვამენ და ამას კარგი მიზეზი აქვს. ამით მნიშვნელოვნად მცირდება იმ წყლის ოდენობა, რომლის გაგზავნაც NASAS-ს იქ უწევს.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ჩამნაცვლებელი, დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრავი კომერციალიზებული, ამერიკელთა ხელმძღვანელობით მომუშავე კოსმოსური სადგურის შესაქმნელად, NASA-მ Blue Origin-სა და Sierra Space-ს 172 მილიონი დოლარი გადასცა.

ახალ სადგურში NASA-ს კვლავ შეეძლება ასტრონავტთა გაგზავნა, ექნება საკუთარი განყოფილება და ლაბორატორია. თუმცა, ვინაიდან სადგურის მფლობელები კომერციული კომპანიები იქნებიან, ისინი სადგურს ტურისტებსაც გაუხსნიან.

„წარმოიდგინეთ, ფართო მოდული, რომლის დიდი ფანჯრიდანაც ჩვენი ცისფერი სახლი, დედამიწა მოჩანს, თან უწონადობასა და სრულ კომფორტში ხართ“, — წერს Blue Origin-ი.

შემდეგი თაობის კოსმოსური სადგური NASA-მ კომერციულ კომპანიებს იმიტომ გადასცა, რომ დაფინანსებისთვის სხვა უფრო დიდი პრიორიტეტები აქვს. აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შენახვა ამჟამად წელიწადში დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი უჯდება.

მისგან გამოთავისუფლებული ბიუჯეტით NASA მეტ ძალისხმევას მიმართავს მთვარეზე ადამიანთა ბაზისკენ, მათ შორის მთვარის ორბიტულ სადგურზე, პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში.

„2012-2025 წლებში, არტემისის ხარჯები 93 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ამაში არ შედის გაშვების ხარჯები, რაც პროგრამის პირველი ოთხი მისიის შემთხვევაში, თითოეულის ხარჯი დაახლოებით 4,2 მილიარდი დოლარი იქნება“, — ამბობს NASA-ს გენერალური ინსპექტორი ჯორჯ სკოტი.

თანდათანობით, ბიუჯეტის ამ ნაწილს NASA მარსზე ასტრონავტების გაგზავნისკენ მიმართავს.

საქმე მხოლოდ ფულს არ ეხება. საერთაშორისო კოსმოსური სადგური უკვე დაძველდა. რუსულ მოდულზე გაჩნდა ბზარები. კიდევ ერთი სექციიდან ჰაერი ჟონავს. ბოლო წლებში, ხარვეზი აღმოაჩნდა ტუალეტსაც, მოხდა ტემპერატურის ცვალებადობა და ჟანგბადით მომარაგების სისტემის მოშლა.

ბაიდენის ადმინისტრაციას სადგურის შენარჩუნება 2030 წლამდე სურს. NASA-ს იმედი აქვს, რომ იმ დროისთვის მზად იქნება კერძო სადგური. გეგმის მიხედვით, შემდეგ მოხდება ცარიელი, ჩამოწერილი სადგურის დედამიწის ატმოსფეროში შემოყვანა ოკეანის თავზე და დაწვა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.