ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარ თემას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარდის დანერგვა წარმოადგენს, რაც საქართველოში წარმოებული მედიკამენტის ხარისხის მკვეთრად გააუმჯობესებს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსაც.

აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლის გეგმა და არსებული საჭიროებები სექტორის წარმომადგენლებისგან დღეს პირადად ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძე მოისმინეს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი წამალი, ხარისხიანი წამლის მიწოდება, მიწოდების პროცესის სწორი ზედამხედველობა და ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის.

„ზუსტად ვიცი, რომ ამ შეხვედრას არა მხოლოდ სამინისტროს მხრიდან, არამედ ფარმაკოლოგთა ასოციაციის მხრიდანაც საკმაოდ ინტენსიური მუშაობა უდევს საფუძვლად. მივიჩნევ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის არის ეს შეხვედრა, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. პერსპექტივები, რომელიც ესახება საქართველოს ფარმაკოლოგთა ასოციაციის მხრიდან დანახული პერსპექტივებს, თავად ფარმაბიზნესის მიმართ, ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ვიცით, რომ GMP და GDP სტარნდარტთან მიმართებაში არაერთი მოსაზრება არსებობს – შევძლებთ, გავუმკლავდებით თუ ვერ გავუმკლავდებით ამ გამოწვევას, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით – მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი წამალი, მიწოდების პროცესის სწორი ზედამხედველობა. ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით და მოსახლეობისთვის, არამედ იმ საექსპორტო ჯაჭვის შესანარჩუნებლად, რომელიც დღესდღეობით საქართველოს ფარმაბიზნესს აქვს. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ბევრი ქვეყანა 2014 წელს გადავიდა და ასევე ბევრი ქვეყანა 2019 წელს გახდა GMP-ის სტანდარტის. მნიშვნელოვანია, ქართულმა ბიზნესმა არ დაკარგოს საექსპორტო წილი, რომელიც მას ეკავა ამ ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს სახელმწიფოს ჩართულობა, ინტენსიური ხელშეწყობა რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით და უსაფრთხოდ გადავიდეთ ამ სტანდარტზე. მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას თქვენთან, რომ არანაირი რისკები არ შეექმნას ბიზნესს. ვიქნებით მედიატორები, რომლებიც ბიზნესასოციაციასთანაც ითანამშრომლებს თქვენთვის ხელის შესაწყობად. ეკონომიკის სამინისტროსთანაც ჩვენ დავაყენებთ გარკვეულ პირობებს, რათა ყველანაირი ხელშეწყობით მოხდეს თქვენთვის დახმარება და GMP სტანდარტზე გადასვლა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

GMP და GDP სტანდარტების დაცვის მოთხოვნა 2022 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში.