ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების თანამშრომელთა მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების პირობებს აქვეყნებს
ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების თანამშრომელთა მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების პირობებს აქვეყნებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეზღუდვების პერიოდში სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელთა ავტომობილებით გადაადგილების შესახებ საშვების საკითხზე ინფორმაციას აქვეყნებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქსელური და არაქსელური აფთიაქების თანამშრომლები მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილებისას უნდა ფლობდნენ კომპანიის მიერ გაცემულ ცნობას, ელექტრონული ან მატერიალური ფორმით; ცნობაში წარმოდგენილი უნდა იყოს აფთიაქის თანამშრომლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, პოზიცია, გადაადგილების გრაფიკი, თანამშრომლის გადაადგილების მარშრუტი და უნდა იყოს სველი ბეჭდით დამოწმებული.

სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ აფთიაქის თანამშრომლის ტრანსპორტირების შესაძლებლობა აქვს სხვა პირსაც, თუ ის ასევე ფლობს სააფთიაქო კომპანიის მიერ გაცემულ ცნობას, ელექტრონული ან მატერიალური ფორმით.

ამასთან, ქსელურმა და არაქსელურმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა კითხვების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.