ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრაში, რომელიც ჟენევაში იმართება, მონაწილეობას იღებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები.
მიზანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა. დღეს უნდა გადაწყდეს, გამოაცხადებს თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობას.
ასევე, დღეს გახდება ცნობილი, იქნება თუ არა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს.
ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის გარდა, ვირუსი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორის აშშ-ში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.
ვირუსი პირველად ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მისი გავრცელების ცენტრად უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია სახელდება. აღნიშნული 11-მილიონიანი ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია.