ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამგვარად, აღნიშნული პრეპარატი ასევე ჩაერთვება „კოვაქსის“ პროგრამაში, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) ავტორიზაციის საფუძველზე.
„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ყოველი ახალი, უსაფრთხო და ეფექტიანი ინსტრუმენტი მორიგი გადადგმული ნაბიჯია პანდემიის გასაკონტროლებლად, თუმცა ამ ინსტრუმენტების მიერ შექმნილი იმედი არ განხორციელდება ვიდრე, ისინი არ იქნება ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის ყველა ქვეყანაში. მოვუწოდებ მთავრობებსა და კომპანიებს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა წარმოების გასაზრდელად, რათა ეს ინსტრუმენტები იქცეს ნამდვილად გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.
„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაა, რომლით ასაცრელად მხოლოდ ერთ დოზაა საჭირო.