ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კანაფში შემავალი ნივთიერება კანაბიდიოლი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის
კანაფში შემავალი ნივთიერება კანაბიდიოლი (CBD) ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფორბსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2017 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი კანაბიდიოლი უსაფრთხოა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნეგატიური შედეგები არ აქვს.
ორგანიზაცის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ CBD არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, კანაბინიოდი THC-სგან განსხვავებით.
მეტიც, კვლევის ავტორებმა დაადასტურეს, რომ არაფსიქოაქტიურ ნივთიერება CBD-ს, რომელსაც კანაფი შეიცავს, დადებითი თვისებებიც კი აქვს. აღნიშნული ნივთიერება ეფექტიანია ეპილეფსიის მკურნალობისას როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში. ამას გარდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერების ჯგუფი მიიჩნევს, რომ კანაბიდიოლი სასარგებლოა ისეთი დაავადებების მკურნალობის დროს, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონის დაავადება, სიმსივნე და ფსიქოზი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით, ზოგიერთმა ქვეყანამ კანაფის სამედიცინო მიზნებით გამოყენებაზე ნაციონალური კონტროლის სისტემა შეცვალა. ამავე დროს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მართალია კანაბიდიოლი უსაფრთხოა, თუმცა კანაფის ყველა ექსტრაქტი არ არის მიღებული სწორი და სუფთა გზით.
როგორც გამოცემა „ფორბსის“ სტატიაშია აღნიშნული, ამჟამად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კანაბიდიოლის გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარ პოლიტიკის ცვლილებას განიხილავს.