ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მარიხუანას კლასიფიკაციის შეცვლის რეკომენდაციით გამოდის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებში მარიხუანას კლასიფიკაციის შეცვლის რეკომენდაციით გამოდის. ორგანიზაციის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ მცენარე მარიხუანა და კანაბისის ფისი ამოღებული იყოს 1961 წლის ნარკოტიკების კონვენციის მე-4 სიიდან, რომელიც კონვენციის ყველაზე შემზღუდველი კატეგორიაა. ამის შესახებ გამოცემა „ფორბსი“ წერს.
ამავე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ასევე სურს, რომ დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი და მისი იზომერები სრულად იყოს ამოღებული 1971 წლის ნარკოტიკების ცალკეული ხელშეკრულებიდან და დაემატოს 1961 წლის ხელშეკრულების პირველ სიას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტი ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, მაგრამ კანაბისის რეფორმის მხარდამჭერებს შორის აქტიურად ვრცელდება. რეკომენდაცია ასევე გულისხმობს, რომ კანაბისის ექსტრაქტი და მისი დაშლის შედეგად მიღებული წამალი 1961 წლის კონვენციის პირველი სიიდან ამოღებული იყოს და ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ფარმაცევტული პრეპარატები კონვენციის მე-3 სიაში ჩაისვას. ცვლილებების პრაქტიკული შედეგი შეზღუდული იქნება, რამდენადაც ეს ქვეყნებს მარიახუანას ლეგალიზაციის საშუალებას არ მისცემს და მკაცრად იქნება შესაბამისობაში საერთაშორისო ხელშეკრულებებთან.
„ფორბსის“ ინფორმაციით, რეკომენდაციების გათვალისწინება იქნება აღიარება, რომ წლების განმავლობაში მსოფლიოს მმართველ ორგანოებს მარიხუანას ზიანზე და თერაპევტულ სარგებელზე მცდარი დამოკიდებულება ჰქონდათ. მედიის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გასული წლის დეკემბერში უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა უცნობი მიზეზების გამო, გადაიდო. ინიციატივა სავარაუდოდ მარტში, გაერო-ს ნარკოტიკული წამლების კომისიაზე მოხვდება, სადაც 53 წევრ სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა დაამტკიცოს ან უარყოს რეკომენდაციები. ქვეყნების ნაწილი, რომელიც ისტორიულად ეწინააღმდეგება ნარკოტიკული პოლიტიკის რეფორმებს, მაგალითად ჩინეთი და რუსეთი, სავარაუდოდ კანაბისის კლასიფიკაციის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. სხვა ქვეყნები, მაგალითად კანადა და ურუგვაი, რომლებმაც არსებული კონვენციების საწინააღმდეგოდ, მარიხუანას ლეგალიზაცია მოახდინეს, სავარაუდოდ რეკომენდაციებს მხარს დაუჭერენ, ისევე, როგორც ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაწილი, სადაც სამედიცინო კანაბისის გამოყენება ნებადართულია.