ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მარტივი არ არის, მიიღო ტყიბულის შახტის დახურვის გადაწყვეტილება, რომელიც რეგიონისათვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს.
მისი თქმით, მარტივი არ არის, მიიღო ტყიბულის შახტის დახურვის გადაწყვეტილება, რომელიც 1 500 ადამიანს ეხება და მთლიანად რეგიონისათვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
„სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს. არც ერთი დასაქმებულის სიცოცხლედ არ ღირს არც ერთი ბიზნესი. რაც შეეხება შახტის დახურვას, მარტივი არ არის, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 1 500 ადამიანს და მთლიანად რეგიონისათვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას რეკომენდაციით მივმართეთ, შეირჩევიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მოახდენენ შახტის შესწავლას, რადგან ადამიანის სიცოცხლე არის უპირველესი პრიორიტეტი. თქვენ მოისმინეთ პრემიერის გადაწყვეტილება. ჩვენ ვმუშაობთ შახტის დახურვის პროცედურებთან დაკავშირებით და ასევე ხდება დოკუმენტაციის შესწავლა. მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც კომპესაციებზე, ასევე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.