საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრმა საელჩოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა ვიზიტისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.
„ჩემთვის დიდი პატივია, მინისტრის რანგში პირველად სწორედ აშშ-ს საელჩოს ვუმასპინძლო. ამერიკა უკვე მრავალი წელია, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელეს, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც სამინისტროდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ჯანდაცვის მინისტრმა ელიზაბეთ რუდს გაუზიარა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პრიორიტეტები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამა, იყო და რჩება ქვეყნის მთავარ მიმართულებად.
„ამერიკის მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ამ უნიკალური პროგრამის შექმნა, რომლითაც უკვე 60 000-მდე ადამიანმა ისარგებლა და ამავდროულად პაციენტების განკურნების უმაღლეს მაჩვენებლებს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ, რათა სრულად მივაღწიოთ პროგრამის მთავარ მიზანს – ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის სიმბოლოს – ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დადებითად შეაფასა საქართველოს სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ ამერიკა მზად არის შეინარჩუნოს თანამშრომლობა და ამის საფუძველი წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობის წარმატებული გამოცდილებაა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი ჯანდაცვის ახალ მინისტრს. ჩვენ განვიხილეთ სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, დაავადებათა კონტროლი და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, რომელსაც ლუგარის ლაბორატორია ახორციელებს. ასევე განვიხილეთ შრომისა და შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა, რომლის მიზანიც გახლავთ საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ეფექტური განხორციელება, რათა სამუშაო გარემო გახდეს უფრო უსაფრთხო და თავიდან იქნას არიდებული ინციდენტები“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.