ჯანდაცვის კომიტეტში ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ
2019 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს.
შესაბამისი ცვლილებები „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონში შედის.
მთავრობის ინიციატივას დღეს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
სავალდებულო დაზღვევის თანხა დიფერენცირებული იქნება და ავტომანქანის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება. ყოველწლიური გადასახადი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებისთვის 75 ლარიდან 150 ლარამდე იქნება, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისთვის 60 ლარიდან 90 ლარამდე, ავტობუსებისთვის 160-დან 240 ლარამდე, სატვირთო ავტომობილებისთვის კი 210 ლარიდან 310 ლარამდე. ბენეფიციარს ექნება თავისუფალი არჩევანი, რომელ კომპანიაში დააზღვევს ტრანსპორტს. ასევე, შეიქმნება სავალდებულო დაზღვევის ბიურო და საბჭო.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, კანონპროექტის მიზანია, მოქალაქე დაიცვას დაუძლეველი ხარჯებისგან. დიმიტრი ხუნდაძე ასევე ამბობს, რომ კომიტეტზე მთავარი კითხვები იქნება, თუ რა გათვლებს ეყრდნობა საკანონმდებლო ინიციატივა და არის თუ არა შესაძლებელი სავალდებულო შენატანის შემცირება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ავტოავარიები არის საკმაოდ ჭარბად და ძალიან ხშირად ადგილი აქვს ქონების, ავტომობილის სახით დაზიანებას, როგორც საკუთარი, ასევე მეორე პირის, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს არც თუ ისე იშვიათია, რომ ადგილი აქვს ჯანმრთელობის ზიანს. ყველაფერი ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული და ხშირად დაზარალებული მისთვის დაუძლეველი ხარჯების წინაშე დგება. ამიტომ ვფიქრობ, სავალდებულო დაზღვევის სისტემა იქნება გარანტი, რომ ასეთ შემთხვევაში დაზარალებული არ აღმოჩნდეს მისთვის დაუძლეველი ფინანსური ხარჯების წინაშე. გადასახადი იქნება დიფერენცირებული. ეს იქნება დამოკიდებული მანქანის კატეგორიაზე, მგზავრთა რაოდენობაზე, მის ფუნქციურ შემადგენლობაზე. ვფიქრობ, განხილვის უმთავრესი თემა იქნება, თუ რა გათვლებს ეფუძნება ეს გადასახადი და თუ იქნება შესაძლებელი, რომ შენატანი იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე არის შემოთავაზებული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.