ჯაბა ჯიშკარიანი - ბარნოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ
ჩვენი სპეციალისტები შეისწავლიან ზიანის შედეგებს და გონივრულ კომპენსაციას მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც ბარნოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, რომელმაც ბარნოვის ქუჩაზე შემთხვევის ადგილი მოინახულა.
მისივე თქმით, ოჯახები, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ბინების რეაბილიტაციამდე, დროებით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან.
„მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. დაიწვა 200 კვადრატული მეტრი სასხვენო ფართი და ორი საცხოვრებელი ბინა. ხვალ დილიდან გავიტანთ ადგილზე არსებულ ნაგავს და გაკეთდება ახალი გადახურვა. ასევე, სპეციალისტები შეისწავლიან ზიანის შედეგებს, დაითვლიან და გონივრული კომპენსაცია იქნება გადახდილი ამ ოჯახებისთვის. ასევე, ამ ორ ოჯახს მივცემთ დროებით საცხოვრისს, სანამ მოწესრიგდება მათი საცხოვრებელი სახლები. ჩვენ ვაპირებთ არამარტო ამ ორი ოჯახის, არამედ სხვა, აქ მცხოვრები ადამიანების ფართების შესწავლას, კონკრეტულად ქრობის დროს ხომ არ დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.
შეგახსენებთ, ბარნოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. დამწვარია 200 კვ.მ. ფართობი.