იზაბელა ოსიპოვა- მნიშვნელოვანია, ეროვნულ უმცირესობებს სრულფასოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ
იზაბელა ოსიპოვა- მნიშვნელოვანია, ეროვნულ უმცირესობებს სრულფასოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ

უმთავრესი თემა, რის გამოც ამ კონკურსში ვმონაწილეობ, ეროვნული უმცირესობებისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატობის მსურველმა, იზაბელა ოსიპოვამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კომისიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, კომისიის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.

„მოლოდინი დიდი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურსში არ მივიღებდი მონაწილეობას. ჩემი მიზანია, გავაშუქოთ ეროვნული და რელიგიური უმცირესობების საკითხები, მათი თემატიკა, კულტურა, ტრადიცია, ცხოვრების წესი, ადათ-ჩვევები და ა.შ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნულ უმცირესობებს სრულფასოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ეს არის უმთავრესი თემა და საკითხი, რის გამოც ვიღებ ამ კონკურსში მონაწილეობას “,-განაცხადა მან.

კომისიის წევრებთან შეხვედრისას, იზაბელა ოსიპოვამ  იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაზეც გამარჯვების შემთხვევაში გაამახვილებს ყურადღებას.

„გარდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებისა, ყურადღებას გავამახვილებ ევროპული ინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების გაშუქებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე”,-განაცხადა მან.