ივანე მაჭავარიანი - ვცდილობთ, მაქსიმალურად რბილი მიდგომები გვქონდეს ე.წ. თვითდასაქმებულთა შემოსავლების დადასტურების საკითხზე
ივანე მაჭავარიანი - ვცდილობთ, მაქსიმალურად რბილი მიდგომები გვქონდეს ე.წ. თვითდასაქმებულთა შემოსავლების დადასტურების საკითხზე

ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი გაცილებით მასშტაბურია როგორც თანხის, ასევე ბენეფიციარი ჯგუფების მხრივ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს პრეზენტაციაზე განაცხადა.

მან დღეს ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების საკითხი წარადგინა.

მინისტრის თქმით, ეს იყო სოლიდური, მსხვილი პაკეტი, რომელიც საჭიროებდა შეთანხმებას საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ პაკეტის ფორმირება ე.წ. კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში მოხდა.

მან განმარტა, მოქალაქეების რა ჯგუფების დახმარებას მოიცავს გეგმა.

„გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ვეღარ იღებენ ხელფასს, არიან უხელფასო შვებულებაში ან დროებით უმუშევრები, თითოეული მათგანი მიიღებს 1200 ლარის ოდენობის პაკეტს შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარით.

შემდეგი ჯგუფი წარმოადგენს ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან დასაქმებული, ამ შემთხვევაში სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროგრამა გვაქვს, რაც თავის მხრივ მოიცავს შემდეგს – ყოველი დამსაქმებელი, კომპანია, იურიდიული პირი, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს (1500 ლარამდე) ფიზიკური პირის 750 ლარის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება და ესეც შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური დახმარება ეხება ასევე თვითდასაქმებულებს.

„გარდა ამისა, არის ე.წ. თვითდასაქმებულების ჯგუფი. ამ ჯგუფის მიმართ ჩვენ გაქვს შესაბამისი მიდგომა. ეს არის ძალიან გამარტივებული გზა, თუ როგორ უნდა დაადასტურონ აღნიშნულმა პირებმა, რომ იღებდნენ შემოსავალს კრიზისამდე. ამ შემთხვევაში, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ სქემა, რომლის მიხედვითაც მოვახდენთ იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც სხვადასხვა სფეროში იყვნენ თვითდასაქმებული, მათ შორის ინდმეწარმეები, მიკრომეწარმეები, მცირე მეწარმეები და სხვადასხვა სტატუსის მქონე პირები, რომლის მიმართაც გაცილებით იოლი იქნება ამ დახმარების აღმოჩენა. თუმცა, არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებთანაც ცოტა უფრო გართულებულია დადასტურება იმისა, რომ ისინი იღებდნენ შემოსავლებს და აქ ვცდილობთ, მაქსიმალურად რბილი მიდგომები გვქონდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, გეგმა მოიცავს სოციალურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებსაც.

„ასევე, ესენია ჯგუფები და ოჯახები, რომელიც სოციალურად ყველაზე მოწყვლადი არიან. მათ შორის შედიან ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 000 ქულამდე და ისინი მიიღებენ 600 ლარიან დახმარებას შემდეგ ექვს თვეში, ასევე 100 000 ქულამდე მაჩვენებლის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან სამზე მეტი 0-დან 16 წლამდე ასაკის შვილები, ისინიც 600 ლარის მიმღები იქნებიან. გარდა ამისა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები და 18 წლის ასაკამდე შშმ პირები, (დაახლოებით 40 000 მოქალაქე) ისინიც ასევე 600 ლარიანი დახმარების ბენეფიციარები არიან“, – განაცხადა მინისტრმა.