ივანე მაჭავარიანი - საუბარი, რომ 600 ათას ცუდ გადამხდელს ვალს უხდის კარგი გადამხდელი, არის სპეკულაცია, მილიარდ ნახევრამდე ლარის დავალიანებას სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“
ივანე მაჭავარიანი - საუბარი, რომ 600 ათას ცუდ გადამხდელს ვალს უხდის კარგი გადამხდელი, არის სპეკულაცია, მილიარდ ნახევრამდე ლარის დავალიანებას სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“

მილიარდ ნახევრამდე ლარის დავალიანებას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, საუბარი იმაზე, რომ 600 ათას მოქალაქეს, რომელიც ცუდი  გადამხდელია, ვალს უხდის ის, ვინც კარგი გადამხდელია, არის სპეკულაცია.

„მთავრობის როლი აქ იყო იმაში, რომ ჩვენ ეს საკითხი მწვავედ დავაყენეთ, ჩვენ ვეძებდით გზებს ამ საკითხის გადაჭრის. თუმცა საბოლოო ჯამში ამ საკითხის გადაჭრის ტვირთი სრულად იკისრა „ქართუმ“. მადლობა „ქართუს“ და მადლობა ბანკებს თანამშრომლობისთვის. ეს არ იყო იოლი, რამოდენიმე ათეული საფინანსო ინსტიტუტის ერთ მაგიდაზე თავმოყრა და შეთანხმების მიღწევა. თუმცა მათ ჩვეულებრივად გაყიდეს, ამ შემთხვევაში ეს მათთვის იყო ბიზნეს ტრანზაქცია, ხოლო „ქართუსთვის“ იყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.