ივანე მაჭავარიანი - სახელმწიფო მმართველობის ციფრულ ტექნოლოგიაზე მაქსიმალური დაფუძნება ბიუროკრატიას შეამცირებს და თანხებს გამოათავისუფლებს
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი სახელმწიფო მმართველობის სფეროში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით, როცა საუბარია მცირე მთავრობაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს იდეა, როგორც მინისტრობის კანდიდატმა თქვა, „ფარატინა სიტყვებად არ დარჩეს – შემცირებები, მოხსნა და ნაკლები ყავა დავლიოთ..“.
მაჭავარიანის განმარტებით, დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად, მეორე ინფორმაციული რევოლუცია ხდება – პირველი იყო ინტერნეტი და ახლა არის ბლოკჩეინი, რომელსაც მეორე ინტერნეტსაც კი უწოდებენ.
„სად მივა ეს ყველაფერი და რით დასრულდება, არავინ იცის. ეს ახალი ხილია, როგორც ჩვენთვის, ისე ევროპისა და ამერიკისთვის, თუმცა უნიკალურ საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია და გვაქვს ამის ბუნებრივი უპირატესობა, რომ მივიღოთ სარგებელი და რაღაცნაირად ამაზე მოვახდინოთ კაპიტალიზაცია. ბლოკჩეინის მთელი მაინინგის, მსოფლიო ენერგიის 6 პროცენტს საქართველო აწარმოებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, კერძო სექტორი, რა თქმა უნდა, მიიღებს სარგებელს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ციფრულ ტექნოლოგიას მაქსიმალურად დაეფუძნოს სახელმწიფო მმართველობა.
„თუ სახელმწიფო მმართველობას მაქსიმალურად დავაფუძნეთ ამ ციფრულ ტექნოლოგიაზე, ეს გამოგვითავისუფლებს ბევრ ბიუროკრატიულ მომენტს და ამავდროულად, თანხებს, რომელსაც შემდეგ, შევეცდებით, მივმართოთ იმ პრობლემების დასაბალანსებლად და მოსაგვარებლად, რომელიც მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ ციფრული მმართველობა მცირე მთავრობის კონცეფციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
ამასთან, მისი თქმით, არ იგეგმება მიმდინარე ხარჯების გაზრდა, სალდო პოზიტიურია და ბალანსი შენარჩუნდება.