ივანე მაჭავარიანი - რას უპირებთ ვალს, დეფიციტს, ეს ფინანსთა მინისტრისთვის ყველაზე მწვავე კითხვაა
ივანე მაჭავარიანი - რას უპირებთ ვალს, დეფიციტს, ეს ფინანსთა მინისტრისთვის ყველაზე მწვავე კითხვაა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ძალიან ადეკვატურია იმ გამოწვევების პირობებში, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

პარლამენტის მიერ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებტან განმარტებები ფინანსთა მინისტრმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი პასუხობს იმ სოციალურ გამოწვევებსა და სოციალურ პრობლემატიკას, რომელიც დღის წესრიგში პანდემიამ დააყენა.

„დახმარებები პირველი ტალღის პირობებში განვახორციელეთ უმუშევრობის მიმართულებით, ასევე საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის სუბსიდირება და ბიზნეს მხარდამჭერი პაკეტები, ამ ყველაფრის განმეორება ხდება, რადგან მეორე ტალღა უფრო რთული აღმოჩნდა. ეკონომიკას კიდევ უფრო დაარტყა, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროგრამები ექვსი თვე გავაგრძელოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნეთ მაღალი კაპიტალური დანახარჯები, რვა პროცენტის მიდამოში, რაც უპრეცედენტოა. ბოლო წლებისთვის დამახასიათებელი იყო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ყველა სოციალური პრობლემა შეძლებისდაგვარად შევარბილეთ, არ ვამბობთ, რომ სრულად მოვაგვარეთ, მაგრამ შევამსუბუქეთ როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ამავე დროს, განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი შევინარჩუნეთ. რის ხარჯზე? – სამწუხაროდ, გაზრდილი დეფიციტისა და ვალის ხარჯზე. გამოწვევა 2021 წლის ბიუჯეტი კი არ არის, სინამდვილეში ისაა, თუ რას ვაკეთებთ, შემდეგ წლებში, რომ მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვნად გაუარესდა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, როგორ მოხდება მისი მობრუნება და გაუმჯობესება შემდეგ წლებში?“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი.

ივანე მაჭავარიანი რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციის არდასწრებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრების კითხვები გაცილებით უფრო მწვავე იყო, ვიდრე ოპოზიცია დასვამდა.

„როგორც წესი, ოპოზიცია სვამდა პოპულისტურ კითხვებს, საფუძველს მოკლებულს. თუ რას უპირებთ ვალს, დეფიციტს – ფინანსთა მინისტრისთვის ყველაზე მწვავე კითხვა ესაა და არა ის, რომ რატომ არ გაიყვანეს იქ წყალი, სადაც შეიძლება გაგვეყვანა და უფრო მეტი გზა დაგეგო. საუკეთესო ქვეყნები რომ აიღოთ, ამ კითხვებს იქაც იპოვით. კითხვა არის მთავარი – რას უშვებით გაუარესებულ მაკრო პარამეტრებს. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური ნაბიჯები და ფისკალური კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც ნიშნავს შემოსავლების მაქსიმალურ მობილიზაციას, ხარჯების შეძლებისდაგვარად შემცირებას და ხარჯების თვისობრივ გაუმჯობესებას. არ გვაქვს ფუფუნება, დაბალეფექტურები ვიყოთ“, – განაცხადა მინისტრმა.