ივანე მაჭავარიანი - ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენის შესარბილებლად, ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს პარტნიორების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ
ივანე მაჭავარიანი - ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენის შესარბილებლად, ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს პარტნიორების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ამ დღეებში გავაანალიზეთ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაძლო ეკონომიკური ეფექტი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გაანალიზდა როგორც ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად შესაძლო გავლენა, ასევე ის, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა კვლავ გაგრძელდა.

„ყოველდღიურად ვიკრიბებით, გვაქვს საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და ძირითადად, კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებსა და ზომების მიღებაზე ვმუშაობთ. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაგვევალა და ამ დღეების განმავლობაში ვაანალიზებდით იმ შესაძლო ეკონომიკურ ეფექტს, რაც შესაძლოა მოხდეს ამ ბოლო კვირების მოვლენების შედეგად და ასევე მაშინ, თუ ეს პრობლემა კიდევ გაგრძელდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საყურადღებოა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს განცხადება, სადაც ორგანიზაციამ კორონავირუსის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა შეაფასა.

„მათი ერთი, შედარებით ოპტიმისტური სცენარით – 0,5 პროცენტით შენელდება მსოფლიო ეკონომიკური ზრდა, ხოლო თუ ამან პანდემიური ხასიათი შეიძინა და განვრცობა მოხდა, მაშინ  ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა 1,5 პროცენტი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ნავარაუდევი იყო 2.9-პროცენტიანი ზრდა და ის განახევრდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ამ ეფექტის საქართველოზე გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ ძლიერია.

„რასაკვირველია, ჩვენც ვფიქრობთ, რამდენად გადმოგვეცემა ეს შენელება. ჩვენ შემთხვევაში, გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ მძლავრია. პირველი, რაც ნელდება ამ დროს, არის ტურიზმი, მოგზაურობა, მათ შორის მივლინებები და ა.შ. გუშინ პრაქტიკულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდში ჩვენი ყოველწლიური, საგაზაფხულო შეხვედრები წელს გაუქმებულიყო და ვიდეოკონფერენციებით ჩავრთულიყავით.  პრაქტიკულად, ვერავინ იხსენებს, რომ ოდესმე სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა გააუქმა თავისი წლიური შეხვედრა. ალბათ, ასეთი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის რისკფაქტორი იზრდება.

„ჩვენი ეკონომიკის წამყვანი სექტორი ტურიზმია. ეკონომიკის სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვაანალიზებთ სტრესტესტებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, გვექნება როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პასუხი სტიმულირების კუთხით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დააანონსეს, რომ მზად არიან, გამოყონ თანხა – 50 მილიარდი დოლარი იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან კორონავირუსით.

„იმედი მაქვს, ჩვენ ამ ქვეყნების რიგში არ მოვხვდებით და უფრო მალე მოგვარდება ყველაფერი. რასაკვირველია, გვაქვს კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ იმ ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს, რომლითაც ვეცდებით, შევარბილოთ დარტყმა, რაც შესაძლოა კორონავირუსმა პოტენციურად მიაყენოს ქვეყანას. თუმცა, ვიმედოვნებ, ეს სრული მასშტაბით არ მოხდება და მოკლევადიანი შეფერხება გვექნება, რომელიც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოწესრიგდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მან მონეტარული პოლიტიკის შერბილება არ გამორიცხა.

„შეიძლება, ვიფიქროთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, ასევე გარკვეული ტიპის ფისკალურ სტიმულზე, თუმცა, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს არ დაგვჭირდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კორონავირუსს საქართველოს  ეკონომიკურ ზრდაზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს. მისი თქმით, შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა, ეკონომიკის სამინისტრო უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვდება უპირველესად ტურისტულ დარგს და იმ დარგებს, რომლის გადაცემის ეფექტი ტურიზმიდან საკმაოდ სერიოზულია. ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, ყველაფერი გაკეთდება ზეგავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად.

დატოვე კომენტარი