ივანე მაჭავარიანი - მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, თავისუფლად შეგვიძლია, ავიდეთ მილიარდი ლარის კანაფის ექსპორტზე
წლიდან წლამდე სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სხვადასხვა პროგნოზით, 2024-2025 წლისთვის 25 მილიარდი დოლარის ბაზარი იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„პრინციპში, ეს ახალი ინდუსტრიაა. კულტურა თავისთავად ძველია, თრიაქით თრობა ისეთივე ძველია, როგორც, ალბათ, სამყარო, მაგრამ ზუსტად კანაფიდან ისეთი პროდუქტების დამზადება, რომლებიც სამედიცინო სფეროში გამოიყენება, არის ზუსტად სიახლე და დაკავშირებულია ახალ სამედიცინო ტექნოლოგიებთან.
აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი და ჩვენც გადავწყვიტეთ, ჩავერთოთ ამ პროცესში, გავაძლიეროთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი და ვვარაუდობთ, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე, რაც ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი განმარტებით, კანაფის მოყვანა და გადამუშავება ექსპორტისა და გარე ბაზრისთვის არის მიმართული, ამიტომ ფინანსური სარგებლის ზუსტი ციფრის გამოთვლა არც ისე მარტივია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ორი-სამი წლის განმავლობაში ეს იქნება მილიარდი ლარის ექსპორტი.
„ეს წამოწყება მიმართულია ექსპორტისა და გარე ბაზრისთვის, შესაბამისად, აქ დათვლა ასეთი იოლიც არ არის. შიდა მოხმარებისთვის როდესაც თვლი, გაცილებით იოლია, გახვიდე სწორ ციფრებზე. აქ გასათვალისწინებელია საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა, ვინ იქნებიან დისტრიბუტორები, როგორი იქნება ამ დროს სხვა ქვეყნების პოლიტიკა. ჩვენ ხომ არ ვიცით, ამ ინდუსტრიაში რამდენი ახალი მოთამაშე იქნება, თუმცა ვვარაუდობთ, რომ არანაკლებ მილიარდი ლარის იქნება შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში, მე ძალიან გამიხარდებოდა, თუ ეს ციფრი უფრო მეტი იქნებოდა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.