ირაკლი კობახიძე - კანაფის შესახებ კანონპროექტი დაკავშირებულია სამეწარმეო მიზნით კულტივაციასთან და არა ნარკოტიკულ თრობასთან
ირაკლი კობახიძე - კანაფის შესახებ კანონპროექტი დაკავშირებულია სამეწარმეო მიზნით კულტივაციასთან და არა ნარკოტიკულ თრობასთან

ზოგადად, მცენარე კანაფთან და ასევე, მოხმარების რეგლამენტაციასთან დაკავშირებით დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოტიკების თემას ეხებოდა და მეორე პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არ არის დაკავშირებული, რადგან ის ნარკოტიკებს საერთოდ არ უკავშირდება. მეორე პაკეტში უბრალოდ, საუბარია მცენარე კანაფზე, რომელიც შეიძლება, ნარკოტიკული თრობის მიზნებისთვის, ან სამედიცინო, თუ სხვა, მაგალითად, კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისთვის იქნას გამოყენებული. ჩვენ შემთხვევაში, მეორე პაკეტი საერთოდ არ არის დაკავშირებული ნარკოტიკებთან, ნარკოტიკულ თრობასთან და დაკავშირებულია მხოლოდ სამეწარმეო მიზნებისთვის ამ მცენარის კულტივაციასთან.

შესაბამისად, ეს კანონპროექტების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რა თქმა უნდა, პირდაპირ დაკავშირებული არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა ამ თემასთან, კანაფის რეგულირებასთან დაკავშირებით დისკუსიის წამოწყება და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ის პაკეტი, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გაჩნდებოდა თუ არა მმართველ გუნდში ინიციატივა, საკონსტიტუციო სასამართლოს რომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანისკენ არ მოეწოდებინა და გადაწყვეტილება არ მიეღო, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება დასჯადი აღარ არის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ინიცირებული ორი პაკეტი ერთმანეთთან მხოლოდ და მხოლოდ იმით არის დაკავშირებული, რომ ორივე შემთხვევაში მცენარე კანაფს ეხება საქმე.

„არის ერთი კანონპროექტი, რომელიც მოხმარების მკაცრ რეგლამენტაციას ითვალისწინებს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ჩაგვაყენა იმ მდგომარეობაში, როდესაც კანონში ვაკუუმია შექმნილი და მისი შევსება სასწრაფოდ არის საჭირო. შესაბამისად, ამ კანონპროექტების პაკეტის განხილვა მომდევნო სასესიო კვირაში დაიწყება, რათა ვაკუუმი შეივსოს და მარიხუანას მოხმარების მკაცრი რეგლამენტაცია განხორციელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ იმისთვის, რათა ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება მაქსიმალურად შეიზღუდოს, ხელისუფლება მკაცრი რეგლამენტაციის გზით წავიდა და არა ლიბერალური გზით.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ საერთო პოზიციაზე შეჯერება ვერ მოხერხდა, შესაძლებელია თუ არა, კანაფის წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტის მიერ უკან იქნას გაწვეული, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ალბათობის დაშვება აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსულტაციებს აზრი არ აქვს.