ირაკლი კობახიძე - კანაფის წარმოების ეკონომიკური სარგებელი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს
ირაკლი კობახიძე - კანაფის წარმოების ეკონომიკური სარგებელი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს

კანაფის წარმოების ეკონომიკური სარგებელი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„მაგალითად, ექსპორტი ძალიან დიდი პერსპექტივაა. იყო კითხვები, თუ რატომ არ შეიძლება, იგივე შედეგი სხვა მცენარეული კულტურების მოყვანის საფუძველზე მივიღოთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მონაცემები რეალურად არის და პრაქტიკულად, სხვა კულტურების მოყვანის საფუძველზე შეუძლებელია იმ სარგებლის ჩანაცვლება, რომელიც მცენარე კანაფთან არის დაკავშირებული. ანუ, უზარმაზარია სარგებელი, რომელიც სახელმწიფომ და საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეკონომიკურ მოგებაზე გასვლა საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.

„თუ დავრწმუნდებით, რომ ამ ყველაფერს ერთი მხრივ, სერიოზული ეკონომიკური ეფექტი აქვს, მაგრამ ამავდროულად, ნარკოტიკული ნივთიერებების სხვადასხვა ფორმით გავრცელების სახით საზოგადოებისთვის ზიანი მოაქვს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ეკონომიკურ მოგებაზე უარი უნდა ვთქვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მთავრობა გუნდის შიგნით და გარეთ, ოპონენტებს, მთელ საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ კანონპროექტი არც ნარკოტიკების წარმოებას ითვალისწინებს, არც რეალიზაციას, არც ექსპორტს და არც არაპირდაპირ საფრთხეებს შეიცავს, წინააღმდეგობის საფუძველი გაქრება.