ივანე მაჭავარიანი - პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და რეალურ სურათს ასახავს
ივანე მაჭავარიანი - პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და რეალურ სურათს ასახავს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქციულობის ელემენტმა იარსებოს. ხელისუფლების ვალია, ასხივებდეს კონსტრუქციულობას და მაქსიმალურად აირიდოს პროვოკაციები, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ოპოზიციის პროტესტზე განაცხადა.

„არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ისეთი შედეგი დადგა, რომელსაც არც ოპოზიციის დიდი ნაწილი და არ დაგიმალავთ, ვფიქრობ, არც ჩვენ ველოდით. ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, რაც, რასაკვირველია უზღუდავთ მათაც, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის არეალს და დიაპაზონს. მოლოდინი იყო, რომ ბევრი მათგანი აიღებდა გაცილებით უფრო მეტს და ალბათ, „ნაციონალური მოძრაობა“ ნაკლებს, მაგრამ ისეთი კონფიგურაცია დაჯდა, პრაქტიკულად, ოპოზიციონერები მძევლები არიან ამ შედეგის. არ გეგონოთ, ვინმე არის ბედნიერი ამ შედეგით. ალბათ, ჩვენც გვერჩივნა, რომ ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამდენი არ აეღო და სხვას აეღო უფრო მეტი. დამერწმუნეთ, ყველამ პოლიტიკურ ელიტაში იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და რეალურ სურათს ასახავს“, – განაცხადა მაჭავრიანი.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს.

„ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს. თითოეულ ოქმზე, თითოეულ დოკუმენტზე რომელზეც არის პრეტენზია, რომ ხარვეზიანი ან პრობლემატურია, არ დარჩეს კითხვის ნიშანი. ეს არის პირველი რიგის პასუხისმგებლობა. მეორე რიგის პასუხისმგებლობა არის ის, რომ ხელისუფლება იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული, მომთმენი, მაგრამ ამავდროულად, პრინციპული, რადგან არ მიეცეს საშუალება სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არ არიან მომხრე და შინაგანად არ არიან თანახმა რაღაც ტიპის პროვოკაციაზე. არის ნაწილი, რომელიც წამსვლელია, ალბათ უფრო მძიმე ნაბიჯებზე და ასე ვთქვათ, თავზე ხელის აღებაც არ გაუჭირდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქციულობის ელემენტმა იარსებოს. ხელისუფლების ვალია, ასხივებდეს კონსტრუქციულობას და მაქსიმალურად აირიდოს პროვოკაციები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.