ელენე ხოშტარია - პატივს ვცემთ უცხოელი პარტნიორების პოზიციას, უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ ვთანხმდებით, გაყალბებული არჩევნების ფონზე, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია
ელენე ხოშტარია - პატივს ვცემთ უცხოელი პარტნიორების პოზიციას, უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ ვთანხმდებით, გაყალბებული არჩევნების ფონზე, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია

დიდ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორების პოზიციას, პრინციპში, არჩევნები რომ არის გაყალბებული, ყველა საერთაშორისო პარტნიორისგან მოვისმინეთ, უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ ვთანხმდებით, გაყალბებული არჩევნების ფონზე, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს მყარი პოზიცია, რომ თუ პარლამენტში შევლენ, „ამით დაკანონდება არჩევნების ტოტალური გაყალბება“.

„ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ, მათ შორის პარტნიორებთან საუბარს. ჩვენი თვითმიზანი არ არის ბოიკოტი, ერთადერთი გამოსავალია იმ სიტუაციაში, რაც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მყარია.

„შესაბამისად, მივდივართ იმ მომენტამდე, რომ საქართველოს ექნება ერთაპარტიული პარლამენტი და აქ ოპოზიციის პოზიცია არის აბსოლუტურად მყარი. იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ამ ერთობას დაარღვევენ. ამიტომ, ახლა, რეალურად მესამე რაუნდზე ჯერი არის „ოცნებაზე“, რეალურად გადადგას ნაბიჯი კრიზისის განმუხტვისთვის. გარდა იმისა, რომ ველოდებით მესამე რაუნდს, ასევე ვმსჯელობთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებზე, რომ გავუზიაროთ და ასევე მოვისმინოთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის აზრი, მოლიდინები, არგუმენტები“, – განაცხადა ხოშტარიამ.