ივანე მაჭავარიანი - გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში
გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მეშვეობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა ისეთ სექტორებში როგორიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, მყარი ნარჩენების მართვა, გარემოს დაცვა და სხვა.
„დღეს ხელი მოვაწერეთ ორ ხელშეკრულებას. ერთი შეეხებოდა აჭარის რეგიონის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას, რომელიც თავისი მნიშვნელობით სტრატეგიულია. პროექტი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამასთან, დღეის მდგომარეობით, გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია ერთ მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით. მნიშვნელოვანია გერმანული მხარის მხარდაჭერა კერძო სექტორის განვითარების მიმართულებითაც“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანის თქმით, მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება გამოიყოფა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.