ივანე მაჭავარიანი - ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი და საგადასახადო გარემო არაფერში არ გაიცვლება
საქართველოში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არ იგეგმება არც საგარეო ვალის და არც გადასახადების გაზრდა.
„მცდარი განწყობა არ უნდა შეიქმნას, რომ ჩვენ დავანგრევთ იმ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც სიმწრითაა მოპოვებული, ან ვალის ზრდის ხარჯზე, ან გადასახდების ზრდის, ან მიმდინარე დეფიციტის ხარჯზე. ეს არ მოხდება, როგორც მინიმუმ, სანამ მინისტრი მე ვიქნები და დარწმუნებული ვარ, მთელი გუნდიც იგივე აზრზეა. შესაბამისად, ეს საფრთხე არ გვემუქრება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
რაც შეეხება გადასახადებს, მისი თქმით, დღეს საქართველოს საგადასახადო სისტემა არის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული და ამას სავალუტო ფონდიც აღიარებს.
„ჩვენი ბიუჯეტი არის ზრდაზე ორიენტირებული, სადაც დეფიციტი იმაზე ნაკლებია, რისი საშუალებაც იყო. საგარეო ვალი სტაბილურია და მომავალში გაზრდას არ ვაპირებთ.
ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი და საგადასახადო გარემო არ გაიცვლება არაფერში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას.