ივანე მაჭავარიანი - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატისთვის დეპუტატების მიერ დასმული კითხვების 30 პროცენტი ფინანსთა სამინისტროს ეხებოდა
ივანე მაჭავარიანი - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატისთვის დეპუტატების მიერ დასმული კითხვების 30 პროცენტი ფინანსთა სამინისტროს ეხებოდა

ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობას ფინანსთა სამინისტრო შეაფასებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის განცხადებით, ამ მიმართულებით კითხვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაისვა, თუმცა, მისივე თქმით, კითხვების დაახლოებით 30 პროცენტი, რომელიც დეპუტატებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს გიორგი ქობულიას დაუსვეს, ფინანსთა სამინისტროს ეხებოდა.

„ინფრასტრუქტურაზე იყო საუბარი, ბუნებრივად მომიწევს იმ კითხვების დაფარვა, რომელიც ეკონომიკის მინისტრს დაუსვეს. კითხვების დაახლოებით 30 პროცენტი ფინანსთა სამინისტროს ეხებოდა, მაგალითად, როგორი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასების სისტემა. ჩვენ ვაპირებთ ფინანსთა სამინისტროში ამის გაკეთებას, მაგრამ არა ახალი სტრუქტურული ერთეულის ხარჯზე“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, შესაძლოა, შეიქმნას, კომისიის ან კომიტეტის მსგავსი ერთეული, რომელშიც სხვადასხვა დეპარტამენტებიდან პროფესიონალები გაერთიანდებიან, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებს სხვა სამინისტროდანაც მიიწვევენ.

„ეს ერთეული შეაფასებს მსხვილი პროექტების მიზანშეწონილებას, რაც ეფექტიანობის კონცეფციის ქვეშაა. ვიცით, რომ ბევრ ფულს ვხარჯავთ, მაგრამ გამორიცხულია, ყველაფერი იყოს იდეალურად ეფექტიანი.  შეიძლება იყოს კარგი, თუმცა, როცა დათვლი, შესაძლოა, მიიღო შედეგი, რომ შეიძლებოდა უკეთესი პროექტი მოძებნილიყო, რომელიც უკეთეს უკუგებას მოიტანდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ უკუგება, შესაძლოა, ეკონომიკური არ იყოს, მაგრამ მძლავრ სოციალურ კომპონენტს მაინც უნდა მოიცავდეს.

მისივე თქმით, პროექტების მიზანშეწონილობის შეფასება მთავრობის ეფექტიანობის ფილოსოფიას წაადგება.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს.