ივანე მაჭავარიანი - დაკრედიტების წესები გაცილებით ცივილიზებულია, თუ ვინმეს ვალი უგროვდება, ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური პროცესია და არა გაუარესების ინდიკატორი
ივანე მაჭავარიანი - დაკრედიტების წესები გაცილებით ცივილიზებულია, თუ ვინმეს ვალი უგროვდება, ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური პროცესია და არა გაუარესების ინდიკატორი

საქართველოში დაკრედიტების წესები არის გაცილებით ცივილიზებული და თუ დღეს ვინმეს ვალი უგროვდება, ან გადახდის ვადას აცილებს, ეს ჩვეულებრივი პროცესია და არა გაუარესების ინდიკატორი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელსაც დღეს ვადაგადაცილებული სესხების გაზრდასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

მისი თქმით, მსესხებლებისთვის ვალების ჩამოწერა ერთჯერადი აქტი იყო. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებით კი, მოიხსნა პრობლემა, როდესაც მოქალაქეებს კრედიტებზე მაღალი პროცენტები ერიცხებოდათ და დიდი ჯარიმები უგროვდებოდათ.

„როდესაც მოხდა ამ ვალების ჩამოწერა და საიმედო პორტფელების შესყიდვა ფონდი „ქართუს“ მიერ, ეს იყო ერთჯერადი აქტი, გამოწვეული იმით, რომ მანამდე, არ არსებობდა არანაირი შემზღუდავი ფაქტორი, თუ ვის უნდა მისცენ სესხი, რა ოდენობით, რა პროცენტით, რა ჯარიმებით და ე.წ. Predatory Lending, სადაც რამდენიმე ათას პროცენტზეც კი ადიოდა ჯარიმა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებით ეს პრობლემა მოიხსნა. თუ ამის შემდეგ ვალები გროვდება, თუ ვინმე არ იხდის, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური პროცესი. ვეღარ დავაბრალებთ იმას, რომ ვიღაც შეცდომაში შეიყვანეს, ფარული ხარჯები იყო“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ბოლო ორი წელია, 5 პროცენტზე მეტი მაჩვენებლით იზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში.

„დაკრედიტების წესები არის გაცილებით უფრო ცივილიზებული და ევროპულთან მიახლოებული. შესაბამისად, დღეს თუ ვიღაცას რამე ტიპის ვალი უგროვდება, ან აცილებს ვადას, ჩვეულებრივი პროცესია. ეს გაუარესების ინდიკატორი არ არის“, – აცხადებს მაჭავარიანი.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზოგადი პრობლემაა, რომ ის არის „მცირე ეკონომიკა“

„ჯერ დაბალი შემოსავალი გვაქვს ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც სხვათაშორის, რეკორდულად მაღალია ამ მდგომარობით და გვჯერა, რომ წლის ბოლოს 5 ათას დოლარს მიაღწევს. ამას ყველა აღიარებს, თუმცა ეს არასაკმარისია. რამდენიმე ათწლეული იქნება ეს პრობლემა, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ეს არის გაუარესების ინდიკატორი, ცდებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.