ივანე მაჭავარიანი - 66 000 ორგანიზაციას 2013 წლის პირველ იანვრამდე წარმოქმნილი 3 მლრდ ლარის დავალიანება ჩამოეწერა
სახელმწიფომ 66 000 ორგანიზაციას ჯამში 3 მლრდ ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა, რომელიც მათ 2013 წლის პირველ იანვრამდე წარმოექმნათ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტის სესიაზე, აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კითხვას უპასუხა.
„ეს არის ბიზნესისადმი მეგობრული დამოკიდებულების უპრეცედენტოდ დიდი ნაბიჯი“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, მეწარმეებს უკვე დაუბრუნდათ დღგ-ს ზედმეტობა 425 მლნ ლარის ოდენობით.
„ვვარაუდობთ, წლის ბოლოსთვის 500 მლნ-ს გადავაჭარბებთ. რაც შეეხება მომავალი წლის გეგმას, ისიც არანაკლები 500 მილიონისა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ავტომატური დაბრუნების მოდელი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, მისი თქმით, ამ მოდელით არსებობს რისკი ზოგიერთ შემთხვევაში, არ გადახდილი დღგ-ს დაბრუნდეს, ამის პრევენციისთვის კი, სწორი კონტროლის მექანიზმი უნდა დაინერგოს.
„დარწმუნებული ვარ, შემოსავლების სამსახურის რისკების მართვის ერთეული, ძალიან მაღალინტელექტუალური ერთეულია და იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებს. დადგება დღე, როცა ე.წ. ხელოვნურ ინტელექტსაც გამოვიყენებთ და კიდევ დააჩქარებს ამ პროცესს. დღგ-ის ავტომატური დაბრუნება შემდეგ წელს მოხდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.