ივანე მაჭავარიანი - ინკასოს დადება ავტომატურად ხდება, ტელევიზია ან სხვა კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს
ივანე მაჭავარიანი - ინკასოს დადება ავტომატურად ხდება, ტელევიზია ან სხვა კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს

ინკასოს დადება ავტომატურად ხდება, ტელევიზია ან სხვა ნებისმიერი კომპანია არანაირად არ წარმოადგენს გამონაკლისს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა კითხვაზე, რომელიც ტელეკომპანიების – „ტვ პირველისა“ და „მთავარისთვის“ ინკასოს დადებას ეხებოდა.

მინისტრმა განმარტა, რომ ახალი კორონავისუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ სფეროებზე დაწესებული შეღავათის შემთხვევაში, კომპანიებს, რომლებსაც ეს ეხებოდათ, შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ფორმა ელექტრონულად უნდა შეევსოთ და ინკასო არ დაედებოდათ, სხვა კომპანიებზე კი, ინკასოს დადება ავტომატურად ხდება.

„რამდენიმე კვირის წინ წარვადგინეთ შეღავათების პაკეტი გადასახადების გადავადების კუთხით. ეს პაკეტი ეხებოდა სექტორს, რომელიც ყველაზე უფრო დაზარალდა, წინა ხაზზე იყო ეპიდემიური კრიზისის დასაწყისში და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში. შეგახსენებთ, ეს იყო ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. ამისთვის მათ უნდა მიემართათ ელექტრონულად შემოსავლების სამსახურისთვის, შეევსოთ ფორმა და შესაბამისად ინკასო არ დაედებოდათ. სხვა ყველა დანარჩენი სფერო ავტომატურად ჩვეულებრივად ფუნქციონირებს და შესაბამისად, ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. ამიტომ აქ ტელევიზია ან რამე სხვა ნებისმიერი კომპანია არანაირად გამონაკლისს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, რამდენიმე ტელევიზიასთან პირველ ოქტომბრამდე არსებული დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა.

„ტელევიზიებთან გახსოვთ ჩვენი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ პირველ ოქტომბრამდე არსებული დავალიანებისთვის ჩვენ მზად ვიყავით, მაქსიმალურად შეღავათიანი პერიოდი მიგვეცა. რამდენიმე ტელეკომპანიამ, მათ შორის მსხვილმა, ისარგებლეს. ხუთ წლიანი საგადასახადო შეთანხმება უკვე გავაფორმეთ, ხოლო მიმდინარეს ჩვეულებრივად იხდიდნენ. მესმის, რომ რაც ეს ეპიდემია და შესაბამისად ეკონომიკური შენელება ვლინდება, უფრო და უფრო შეიძლება, გაუჭირდეს სხვა დარგებში მოღვაწე კომპანიებს გადასახადის გადახდა. მესმის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ იმისდა მიხედვით, თუ დაზიანების რა ხარისხი ან რა ხანგრძლივობა ექნება ამა თუ იმ სექტორს და შესაბამისად, ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებს, მაქსიმალურად, ინდივიდუალურად, მიზნობრივად შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის შეღავათს, ეს არის და ეს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ტელევიზიების განცხადებაზე, რომ ინკასოს დადება ძალიან შეუფერებელ მომენტში მოხდა, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ავტომატურად განხორციელდა და ტელევიზიები ცალკე გამოყოფილი არ ყოფილან.

„ავტომატურად დაედოთ, არც ტელევიზიები ყოფილა გამოყოფილი ცალკე და არც რამე სხვა ბიზნესი, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, შემოსავლების სამსახური იქნება, თუ ფინანსთა სამინისტრო, ვინმეს დისკრეციით ედებოდეს ან არ ედებოდეს ინკასო. ჩვენ პრაქტიკულად, ეს გვაქვს ავტომატურ რეჟიმზე. წინა წლებში ტელევიზიები იყვნენ გამონაკლისად, თუმცა მას შემდეგ, რაც შეთავაზება გავაკეთეთ და ზოგთან მვაღწიეთ შეთანხმებას, პრაქტიკულად ისიც ავტომატურ რეჟიმზე გადავიდა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, რამდენიმე ათას კომპანიას დაედო ინკასო ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მოხდა გადასახადის დეკლარირება და მათ შორის მოყვნენ ტელევიზიებიც, ასევე სხვა ნებისმიერი სექტორის წარმომადგენლები.

ამასთან, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, 400-მა კომპანიამ, რომელიც ტურისტულ სექტორში საქმიანობს, მყისიერად შეავსო განაცხადი და ინკასო მოეხსნათ.

„შემოსავლების სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, ცხელი ხაზიც არსებობს, თუ რამე პრობლემა იქნება, გადმორეკონ და დავეხმარებით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.