ივანე მაჭავარიანი - 20 წელია, ფონდი „ქართუს“ მიერ არაერთი პროექტი დაფინანსდა და გინდათ თქვათ, რომ 20-წლიანი მოსყიდვის სერია გვაქვს?
ივანე მაჭავარიანი - 20 წელია, ფონდი „ქართუს“ მიერ არაერთი პროექტი დაფინანსდა და გინდათ თქვათ, რომ 20-წლიანი მოსყიდვის სერია გვაქვს?

20 წელია, ფონდი „ქართუს“ მიერ არაერთი პროექტი დაფინანსდა და გინდათ თქვათ, რომ 20-წლიანი მოსყიდვის სერია გვაქვს? – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „არჩევანში“ დასმულ შეკითხვას, არის თუ არა მთავრობის მიერ ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარება ამომრჩევლის მოსყიდვა.

„თუ წლების და განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო ამ პრობლემაზე საუბარი, თუ წინასწარ იყო გაცხადებული, რომ შემოდგომაზე ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, თუ კერძო ფონდმა გამოიჩინა ინიციატივა და კეთილი ნება, შეუთანხმდა ასევე კერძო მოთამაშეებს და ითქვა, რომ არჩევნების, 15 დეკემბრის მერე მოხდებოდა ტრანზაქცია, ეს არის მოსყიდვა და ის, რომ ბიუჯეტის ფულით ჰპირდები 400-ლარიან პენსიას, რაც ამავდროულად, არის ტყუილი დაპირება, რაც დაანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას, რა ჰქვია ამას? ეს არ არის მოსყიდვა?“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და ეძებდა გადაჭრის გზებს.

„ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, რაც მოსახლეობის წინაშე ევალება და მან ეს შეძლო. გააკეთა არა ბიუჯეტის, არა ხალხის ფულის ხარჯზე, არამედ ამ საქმეში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერითა და კეთილი ნებით. მოდით, მაშინ ასე ვთქვათ… ბოლო 20 წელი, არაერთი პროექტი დაფინანსდა ამ ფონდის მიერ, დაწყებული სპორტიდან, დამთავრებული კულტურით. ფონდი ეხმარებოდა მწერლებს, მსახიობებს, ბავშვებს… მაშინ გამოდის სულ მოსყიდვაა? 20-წლიანი მოსყიდვის სერია გვაქვს? 3 მილიარდი არ უნდა დახარჯულიყო? არჩევნების მიუხედავად, მანამდეც და მერეც, ეს ფონდი ყველას ეხმარებოდა. ხომ იცით სია? ანუ მოსყიდვის 20 წელი იყო? ამაზე ლაპარაკობთ? არ უნდა დაეფინანსებინა? ამაზე დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ამ ფონდს და ბევრად მასშტაბური პროექტები აქვს დაფინანსებული, მათ შორის თანხის მოცულობითაც. შესაბამისად, არ მესმის რაზე საუბრობთ. ამიტომ მიუხედავად იმისა, არჩევნები მოდის თუ ახალი გასულია, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, რაც ევალება და არ უნდა ეშინოდეს კრიტიკის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას.