ივანე ჩხაიძე - ჩვენი სტატისტიკა მიუთითებს, რომ ათას ადამიანში, ვინც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, შესაძლებელია, ორი-სამი დაინფიცირდეს განმეორებით​
ივანე ჩხაიძე - ჩვენი სტატისტიკა მიუთითებს, რომ ათას ადამიანში, ვინც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, შესაძლებელია, ორი-სამი დაინფიცირდეს განმეორებით​

ციფრები, რომელიც ქვეყანაში ნიღბის ტარების პროცენტულობას ასახავს, ნამდვილად არაა სახარბიელო და ნამდვილად დაბალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებთან შედარებით​, – ​ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, ეპიდსიტუაცია და განსაკუთრებით, კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა ნამდვილად საგანგაშოა, ვინაიდან, ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირებისა და გარდაცვალების ასეთი დიდი რაოდენობა არ დაფიქსირებულა.

„ეს ნათლად მიუთითებს რომ, ერთის მხრივ, ჩვენთან შეზღუდვები შემცირდა და ეს არ ნიშნავს, რომ ამის პარალელურად კორონავირუსი გაქრა, რისკები, ინფიცირების საშიშროება არ არსებობს. არსებობს და ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ მნიშვნელობას, რასაც კორონავირუისგან თავდაცვის მიზნით ნიღბის ტარება ნიშნავს. ის ციფრები, რომელიც ქვეყანაში ნიღბის ტარების პროცენტულობას ასახავს, ნამდვილად არაა სახარბიელო და ნამდვილად დაბალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ კომენტარი გააკეთა სრულად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებზე. მისი თქმით, საქართველოს სტატისტიკა მიუთითებს, რომ ათას ადამიანში, ვინც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, შესაძლებელია, ორი-სამი დაინფიცირდეს განმეორებით.

„არც ერთი ვაქცინა, რომელიც საქართველოშია და რომელიც მსოფლიოში იწარმოება, არ არის 100%-ის ეფექტურობის. „ფაიზერი“ ყველაზე მაღალი ეფექტურობით ხასიათდება – 95%-ია, თუმცა არა 100%. ფაქტი, რომ ორჯერადად ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ადამიანს მაინც შეხვდეს კორონავირუსი, სრულებითაც არაა მოულოდნელი. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ორი რამ არის მნიშვნელოვანი, პირველი – ორი დოზა ვაქცინის გაკეთების შემდეგ ინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი. დღევანდელი ჩვენი სტატისტიკა უთითებს, ათას ადამიანში, ვინც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, შესაძლებელია, ორი ან მაქსიმუმ სამი ადამიანი დაინფიცირდეს განმეორებით, ძალიან დაბალი მაჩვენებლია, 0.2%-0.3%, როგორც განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. მეორე – ის, რომ თქვენ ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი დაგემართებათ, არ ნიშნავს, რომ თქვენ ინფექცია გექნებათ მძიმედ; არ ნიშნავს, რომ თქვენ საავადმყოფოში მოხვდებით, ეს არის ყველაზე მთავარი.

ორჯერადი ვაქცინაცია 100%-იანად იცავს მძიმე შემხთვევებისგან და გარდაცვალებისგან, სწორედ ესაა ვაქცინაციის მიზანი და არ ვიკეთებთ ვაქცინას იმისთვის, რომ არ დაგვემართოს. სასურველია, ასე არ მოხდეს, მაგრამ ძირითადი ამოცანაა, რომ არ დაგვემართოს ვირუსი მძიმე ფორმებში და ყველა ეს ვაქცინა გარდაცვალებისგან გვიცავს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.