ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურდება და მნიშვნელოვანი გაუარესება არ არის
ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურდება და მნიშვნელოვანი გაუარესება არ არის

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ჩვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

როგორც ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, ახალშობილთან დაკავშირებით კონსილიუმი რამდენჯერმე შეიკრიბა. 

„ამ ახალშობილთან დაკავშირებით კონსილიუმი რამდენჯერმე შეიკრიბა, მიმდინარეობდა მონიტორინგი თითოეულ დღეზე, ანალიზზე, დიაგნოსტიკურ კვლევაზე. თავიდანვე ბავშვის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ივანე ჩხაიძემ განაცხადა, მათთან გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება და ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუარესება არ არის.

„კიდევ ორი ჩვილის შემთხვევაში, რომლებიც მართვით სუნთქვაზე არიან, გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება, ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუარესება არ არის. გარკვეული იმედები გვაქვს, ვფიქრობთ, შესაძლებელია, რომ კარგი გამოსავალი მივიღოთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.