ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.

როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, ამჟამად ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ 25 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძნობს მკურნალობას.

„სამი პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ერთი პაციენტი, რომელიც ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს ბათუმის კლინიკიდან უკვე ინტუბირებული იყო, გამოხატული იყო ახალშობილთა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, რესპირატორული დისტრესი, ერთი კვირის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით კრიტიკულად მძიმედ რჩებოდა და გუშინ დაფიქსირდა სიკვდილი. სხვა ორი პაციენტი, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ქუთაისიდან გადმოიყვანეს, 15 წლის ბავშვი, ცერებრალური დამბლით და ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენით, რესპირატორული დისტრეს სინდრომით და ფილტვების ანთებით, გუშინ მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან და ამჟამად ჟანგბადდამოკიდებულია, მისი მდგომარეობა უმნიშვბელოდ გაუმჯობესდა. კიდევ ერთი ჩვილი რჩება მართვით სუნთქვაზე, ისიც თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. მას აქვს თანმდევი დაავადებები, ახალშობილთა სეფსისით შემოვიდა, გულის თანდაყოლილი მანკით, დაუნის სინდრომით, რესპირატორული დისტრესი და მისი მდგომარეობა მძიმედ რჩება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ამჟამად ციციშვილის კლინიკაში 85 ბავშვი და 67 მშობელია მოთავსებული.