ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

„კოვიდ-19“-ით გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა შემოყვანისთანავე მძიმე იყო და ის მაშინვე რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ დასჭირვებია, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მოზარდი სტაციონარში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მის მდგომარეობას ართულებდა თანდაყოლილი დაავადებები, როგორიცაა სეფსისი, ჰემიპარეზი, ჰიდროცეფალია, ასევე ჭარბი წონა.

„შემოვიდა თბილისიდან, სასწრაფოს მეშვეობით. შემოყვანისთანავე იყო საყურადღებო, კრიტიკულად მძიმე და მაშინვე მოთავსდა რეანიმაციაში. იყო ჟანგბადზე, რომელიც მიეწოდებოდა ნიღბით, შემდეგ კი სიპაპით და ამის შემდეგ დაფიქსირდა გულის გაჩერება,“ – განაცხადა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ციციშვილის კლინიკა სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით, მდგომარეობა შემსუბუქებულია, არის თავისუფალი ადგილები და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია პაციენტების მიღება როგორც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ასევე პედიატრიულ მიმართულებაში.

მისივე ინფორმაციით, რეანიმაციაში 21 პაციენტია, რომელთაგან ერთის, თვემდე ასაკის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, იმყოფება სუნთქვის აპარატზე. დავით რეხვიაშვილის განმარტებით, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და გართულებები მოსალონდელი არ არის.