ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კლინიკაში ათი ორსული მკურნალობს, რომლებიც ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ არიან
ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კლინიკაში ათი ორსული მკურნალობს, რომლებიც ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ არიან

ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში 19 წლის ორსულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ 36 კვირის ფეხმძიმე კლინიკაში 30 ივლისს შევიდა.

საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის ალექსი ვაჩაძის თქმით, გოგონას მდგომარეობა დამძიმდა და საკეისრო კვეთიდან მეორე დღეს საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში გადაყვანა.

როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„30 ივლის მოგვმართა გოგონამ, უკვე დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით, იმ დროისთვის იყო 36 კვირის ფეხმძიმე. რეალურად, შემოსვლისას სუნთქვის უკმარუსობა გამოხატული იყო საკმაოდ მძიმე ფორმით და საჭიროება შეიქმნა გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩატარების. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გოგონას მდგომარეობა კი გაუარესდა და საკეისრო კვეთიდან მეორე დღეს დაგვჭირდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. კორონავირუსული ინფექცია უკვე შორს იყო წასული, მოგვიწია მის სასუნთქ სისტემაზე სრული კონტროლის დამყარება. გოგონა 2 აგვისტოს გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობის სტაბილიზება ვერ მოხერხდა და გუშინ საღამოს გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით არ იყო აცრილი“, – განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.

ამასთან, ალექსი ვაჩაძეს ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰოსპიტალში სულ 10-მდე კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს.

„10-მდეა კოვიდდადასტურებული ფეხმძიმე. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა განსაკუთრებით დელტა შტამი ძალიან აგრესიულად ვლინდება ფეხმძიმე გოგონებში. შესაბამისად, როგორი სტაბილურიც არ უნდა იყოს, თითოეული მათგანი არის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნა ალექსი ვაჩაძემ.