ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი - წელს კორონავირუსით გარდაცვლილი 18-მდე ორსული გვყავს, უნდა მოვუწოდოთ მომავალ დედებს, აიცრან, ვაქცინაცია გარდაუვალია
ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი - წელს კორონავირუსით გარდაცვლილი 18-მდე ორსული გვყავს, უნდა მოვუწოდოთ მომავალ დედებს, აიცრან, ვაქცინაცია გარდაუვალია

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ჟორჟოლიანის განცხადებით ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელია, რის გამოც მოსახლეობას მეტი ყურადღება მართებს.

პაატა ჟორჟოლიანმა ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ ტემპზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ორსულებში აცრის მნიშვნელობაზე. როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, დედიდან ბავშვზე ვირუსის გადაცემის ფაქტები მუცლად ყოფნის პერიოდში არ დასტურდება, არამედ გადაეცემა დაბადების შემდეგ. სწორედ ამიტომ, ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მომავალ დედებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან.

„მოსახლეობის პოპულაციასთან შედარებით, საქართველოში ლეტალობა საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, დასამშვიდებელი ნამდვილად არაფერი გვაქვს, პირიქით, მეტი სიფხიზლე გვჭირდება. ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი. მიუხედავად ყველა იმ ღონისძიებებისა, რომელიც ტარდება სახელმწიფოს მიერ, მაინც დაბალი გვაქვს ვაქცინაციის ტემპი. ვფიქრობ, ვაქცინაცია გადარჩენის ერთადერთი გზაა.

რაც შეეხება ორსულებს, აქ გვაქვს ყველაზე მეტად დიდი პრობლემა. აზრთა სხვადასხვაობაა, რომელიც ცალსახად ყველა ექიმმა, ყველა თანამშრომელმა უნდა გაითავისოს და მივაწოდოთ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით,რადგან ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. ჩვენ მიმდინარე წელს კოვიდით გარდაცვლლი 17 თუ 18 ორსული გვყავს. ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ასეთი მონაცემები ჩვენ 2009 წელს თუ 2010 წელს გვქონდა ე.წ. ღორის გრიპის პერიოდში და მაშინაც ძალიან მაღალი ლეტალობა იყო. სადღაც 34 თუ 33 გარდაცვლილი გვყავდა, მაგრამ ვაქცინაციამ და მედიკამენტებით სწორად მართვამ 2010 წელს უკვე შეგვიმცირა ეს რაოდენობა. ამიტომ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი, გარდაუვალი და გადარჩენის ერთადერთი საშუალება. ორსულობის გართულებები ყველაზე მეტია მეორე ნახევარში, მესამე ტრიმესტრში, გამომდინარე ფიზიოლოგიიდან. დედიდან ბავშვზე გადაცემის ფაქტები მუცლად ყოფნის პერიოდში არ დასტურდება. ინფიცირება გამოწვეულია მხოლოდ ინფიცირებული დედისგან დაბადების შემდეგ. არსად არ დევს კვლევა, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ნაყოფის განვითარების ანომალია. კვლევებით, რასაც ჩვენ ვნახულობთ არის, რომ მუდმივი მონიტორინგი სჭირდება ნაყოფის ზრდას. აქედან გამომდინარე, საჭიროა ალტერნატალური მეთვალყურეობის უფრო გააქტიურება. დედა როდესაც ვაქცინირებულია, გაცილებით დაცული არიან ბავშვები და ფიქსირდება ანტისხეულები, რომელიც ასევე დამცველობით როლს თამაშობს ახალშობილში. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ დედებს, მომავალ დედებს, რომ აიცრან“, – განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა.

დატოვე კომენტარი