თამარ გაბუნია - დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებთან მიმართებით, მობილიზებულია საწოლები ორსულებისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეთ
თამარ გაბუნია - დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებთან მიმართებით, მობილიზებულია საწოლები ორსულებისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეთ

ორსულებში დელტა შტამი ნამდვილად უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ასევე დაავადებამ შედარებით მძიმე მიმდინარეობა შეიძლება, გამოიწვიოს ორსულებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ორსულებისთვის ვაქცინაცია და აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმუნური სტატუსიდან გამომდინარე, დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში, მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებთან მიმართებით. ასევე დაავადებამ შედარებით მძიმე მიმდინარეობა შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება, სწრაფად მოხდეს შესაფერისი რეაგირება. მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, საკითხზე საუბრისას თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ორსულებისთვის, რომელთა შემთხვევებშიც დაავადება მსუბუქი მიმდინარეობისაა, დამატებითი კომპონენტი ამოქმედდება და სპეციალიზებულ კლინიკაში გაეწევათ კონსულტაცია.

„რაც შეეხება სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილს, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისითვის 15 22-ს მიმდინარე დღეებში დაემატება კიდევ მეან გინეკოლოგების სერვისი, მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც იმყოფება ბინაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფექციის გამო, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ სპეციალიზებულ კლინიკაში და იქ მიიღოს ასევე სპეციალისტის კონსულტაცია. ეს კომპონენტიც მოკლე ხანში ამოქმედდება“, – განაცხადა თამარა გაბუნიამ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, ორსულებისთვის ჰოსპიტალური საწოლების სათანადო რაოდენობაა მობილიზებული და ამ კუთხით დეფიციტი არ არსებობს.

შესაბამისად, გაბუნიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, არის რესურსი, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა გაეწიოს.

„იცით, რომ მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე ბოლო პერიოდში დამატებით მობილიზდა საწოლები, ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არსებობს. ორსულს ჰოსპიტალური მართვა თუ სჭირდება, ის ჰოსპიტალში მოხვდება. თბილისში მობილიზებულია 120-მდე საწოლი, 50-მდე ქუთაისში, იგივე რაოდენობაა იმერეთში, სხვა რეგიონებშიცაა შესაძლებლობა, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.