იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „ოდირის“ ანგარიშზე შენიშვნები გამოაქვეყნა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „ოდირის“ ანგარიშზე შენიშვნები გამოაქვეყნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) მიერ 2019 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშზე შენიშვნები გამოაქვეყნა.

როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოქვეყნებულ ანგარიშზე შენიშვნებს წარმოადგენენ საბჭოს შემდეგი წევრები: დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ონიანი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 11 სექტემბერს შედგა შეხვედრა საბჭოს წევრებსა და მეგან ფიცჯერალდს შორის, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოდირი ეცდება წარმოდგენილი შენიშვნები გაითვალისწინოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საბოლოო ანგარიშის შედგენისას.

საქართველოს პირველი არხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.

1. პროცედურა კანდიდატთა ე.წ. მოკლე სიის გამოვლენამდე, მათ შორის – პროცედურის საჯაროობის (გამჭვირვალობის) ნაწილი:

1.1. ანგარიშის ,,მოკლე შინაარსის” მე-3 აბზაცში მითითებულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღინიშნებოდა ,,მწვავე შიდა უთანხმოება და დაპირისპირება მოსამართლე წევრებსა და არამოსამართლე წევრების ორ ჯგუფს შორის“.

ამგვარი ჯგუფები არ არსებობს. სახეზეა საბჭოს არამოსამართლე 2 წევრი – ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, რომლებიც, თავიანთი დესტრუქციული, პროვოკაციული ქმედებებით, უპირისპირდებიან მთელს დანარჩენ საბჭოს და სასამართლო სისტემას. მათი ამგვარი ქმედების შესახებ ანგარიშშივეა საუბარი (იხ: ,,გასაუბრება კანდიდატებთან“ ნაწილის მე-5 აბზაცის ბოლო ორი წინადადება, სადაც მითითებულია, რომ ეს ორი წევრი გარკვეულ კანდიდატებთან იყენებდნენ გასაუბრების უხეშ სტილს, რომელიც დაკითხვას უფრო ჰგავდა და მიზნად ისახავდა რესპონდენტის მხოლოდ სუსტი მხარეების გამოააშკარავებას).

ამიტომ, მიზანშეწონილია – ანგარიშის შესაბამის ნაწილებში ყველგან მიეთითოს, რომ უთანხმობა და დაპირისპირება არსებობდა ერთი მხრივ ნაზიბროლა ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს და მეორე მხრივ – მთელს დანარჩენ საბჭოს წევრებს შორის. ამგვარი ჩანაწერი ფაქტობრივად ანგარიშის ერთ ნაწილში უკვე არის ასახული (იხ: ,,სასამართლო ხელისუფლების საზედამხედველო ორგანო“, მე-2 აბზაცი).

1.2. ანგარიშის ,,მოკლე შინაარსის“ ნაწილის მე-4 აბზაცში, ასევე – ,,ინტერესთა კონფლიქტის“ ნაწილის მე-3 აბზაცში აღნიშნულია, რომ საბჭოს ორმა წევრმა უარი თქვა თვითაცილებაზე ,,მიუხედავად განმცხადებლებთან ნათესაური კავშირებისა“. სავარაუდოდ, იგულისხმებიან საბჭოს წევრები – თამარ ონიანი და ირაკლი შენგელია, რომლებთანაც, გარკვეული კრიტერიუმებით, დაკავშირებულ იქნა ორი კანდიდატი – ზურაბ აზნაურაშვილი და ლევან თევზაძე, კერძოდ: ზურაბ აზნაურაშვილი არის თამარ ონიანის ყოფილი მეუღლის ძმა; ლევან თევზაძე კი არის ირაკლი შენგელიას მეუღლის ძმა.

,,ნათესაური კავშირი“ ბუნდოვანი ცნებაა და არ არსებობს ამ ცნების ერთიანი, უნივერსალური გაგება. არც ერთ საკანონმდებლო აქტში არის განსაზღვრული, რომ ყოფილი მეუღლის ძმა ან ცოლის ძმა არიან ნათესავები იმ თვალსაზრისით, რომ მათთან მიმართებით მიმდინარე რაიმე სამართლებრივ პროცედურაში მონაწილეობიდან გამოირიცხოს კონსტიტუციური კოლეგიური ორგანოს წევრი, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის საფუძვლით. დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თამარ ონიანი ზურაბ აზნაურაშვილის ძმასთან წელიწადზე მეტია, რაც განქორწინებულია და აღნიშნულის თაობაზე ODIHR-ის ერთ-ერთი მონიტორისთვისაც ცნობილი იყო.

გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ჩანაცვლებას ad hoc წევრით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა და ტრადიციული ქვეყანაა, სადაც ზემოთ აღნიშნულის მსგავსი ურთიერთობით ერთმანეთთან მრავალი ადამიანი შეიძლება იყოს დაკავშირებული, ინტერესთა შეუთავსებლობის ამგვარი საფუძვლით საბჭოს წევრთა პროცესებიდან ჩამოშორებამ შეიძლება საბჭოს საქმიანობის პარალიზებაც გამოიწვიოს. სამართლის დოქტრინაში ისიც აღიარებულია, რომ კონსტიტუციური ორგანოს მიერ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის ინსტიტუტი არ მოქმედებს.

ის ფაქტიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ არც ერთი ხსენებული კანდიდატი 20 კანდიდატისგან შემდგარ სიაში არ მოხვედრილა და, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილიც არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია – სადავო ჩანაწერი საერთოდ იქნეს ამოღებული ანგარიშიდან.

1.3. ანგარიშის ,,მოკლე ნაწილის“ მე-4 აბზაცში, ასევე – ,,ინტერესთა კონფლიქტის“ ნაწილის მე-3 აბზაცში აღნიშნულია, რომ ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელიც შერჩევის პროცედურაში კანდიდატად მონაწილეობდა, არ გადადგა საბჭოს წევრობის და მდივნის თანამდებობიდან, მასთან დაკავშირებით ,,კვლავ რჩება კითხვები“.

გიორგი მიქაუტაძემ სრულად შეასრულა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნა: მას, როგორც საბჭოს წევრს ან მდივანს, არანაირი მონაწილეობა მიუღია შერჩევის პროცედურის არც ერთ ეტაპზე. კანონი მისგან არ მოითხოვდა საბჭოს წევრის ან მდივნის თანამდებობიდან გადადგომას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია – რატომ უნდა არსებობდეს სადავო ჩანაწერი ესოდენ ავტორიტეტული ინსტიტუტის ანგარიშში. თუ კრიტიკის საგანი საკანონმდებლო რეგულაციაა, კრიტიკის ადრესატი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან გიორგი მიქაუტაძე კი არა, საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს.

1.4. აბსურდულია ანგარიშის ,,ინტერესთა კონფლიქტის“ ნაწილის მე-3 აბზაცის ის ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პროცედურაში კანდიდატად მონაწილე გენერალურ პროკურორს შორის, რადგან მიმდინარეობს სისხლის სამართლის ორი საქმე, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება გიორგი მიქაუტაძეს: ამ ფაქტზე გამუდმებით საუბრობდა საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, იმ მოტივით, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმით (რომელიც აღძრულია არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, რაზედაც, ნაზიბროლა ჯანეზაშვილის მტკიცებით, გიორგი მიქაუტაძეა პასუხისმგებელი) გიორგი მიქაუტაძეზე ზეწოლის ბერკეტი არსებობდა; თუმცა, თავადვე აღიარებდა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა ამ საქმეზე გასული იყო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, თუნდაც გავყვეთ ნაზიბროლა ჯანეზაშვილის ლოგიკას და მივიჩნიოთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს წარსულში დანაშაული შესაძლოა მართლაც ჩადენილი ჰქონდეს, კანონით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მას ვერანაირი პასუხისმგებლობა დაეკისრება და, შესაბამისად, ამგვარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეც ვერანაირად მიიჩნევა გიორგი მიქაუტაძეზე ზემოქმედების ბერკეტად.

ამდენად, არანაირი ინტერესთა კონფლიქტი მოქმედ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის არ არსებობს.

1.5. ანგარიშის ,,ზოგადი ვითარების აღწერის“ ნაწილის მე-2 აბზაცში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს ,,სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში“, ხოლო სქოლიოში მითითებულია, რომ ეს დასკვნა ეფუძნება ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2019 წლის თებერვალ-მარტში ჩატარებული კვლევის მონაცემებს.

ანგარიშის ეს დასკვნა მცდარია, რადგან მის საფუძვლად დასახელებული ,,კვლევა“ არ იმსახურებს ნდობას. გასაკვირია, ODIHR რატომ ეყრდნობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი აშკარად ანტაგონისტურად განწყობილი და, შესაბამისად, მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას და უგულებელყოფს თითქმის იმავე პერიოდში (2019 წლის იანვარში) გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომელიც ჩაატარა ავტორიტეტული და ნეიტრალური სუბიექტებისგან შემდგარმა კონსორციუმმა ,,IPSOS FRANCE“-ის (ავტორიტეტული, მსოფლიოში მე-3 ადგილზე მყოფი კვლევითი ორგანიზაცია), „Amicus Curiae“-ის, პროფესორი იან ვან დაიკის და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ შემადგენლობით. ამ კვლევის შედეგებია:

– რესპონდენტთა 51% საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს;

– მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სანდო;

– დებულებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სამართლიანი, ეთანხმება რესპონდენტთა 55%;

– სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, რესპონდენტთა 52%-ის აზრით, ხელი შეუწყო სერვისების გაუმჯობესებას, ხოლო 49%-ის აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე.

ამიტომ, სადავო დასკვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს ,,სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში“, როგორც ფაქტობრივი უზუსტობა, ამოღებულ უნდა იქნეს ანგარიშიდან.

1.6. ანგარიშის ,,მოკლე შინაარსის“ ნაწილის მე-8 აბზაცში აღნიშნულია, რომ კანდიდატებთან გასაუბრებისათვის განკუთვნილი სივრცის ტევადობა პროცესზე დაკვირვების და ანგარიშგების მაღალი ინტერესის შეუსაბამო იყო; ,,გამჭვირვალობის და მონიტორინგის“ ნაწილის 1-ლ-მე-2 აბზაცებში მითითებულია, რომ მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არ ასწრებდნენ, ხოლო კამერები დაიშვებოდა მხოლოდ შესასვლელში, საიდანაც ხდებოდა სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია, თუმცა ხმოვანი დაბრკოლებების ფონზე (სქოლიოში მოცემულია დამატებითი განმარტება, რომ ხმა არ ისმოდა, ან ხმის ჩაწერა არ ხდებოდა, როცა მოსაუბრე არ იყენებდა მიკროფონს ან როცა რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ლაპარაკობდა (განსაკუთრებით მაშინ, როცა საბჭოს წევრები კამათობდნენ და ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ), რადგან ერთდროულად მხოლოდ სამი მიკროფონი ირთვებოდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციური ორგანოა და იგი განთავსებულია შესაბამის შენობაში, სადაც იგი საქმიანობას წარმართავს და ატარებს სხდომებს ამისთვის განკუთვნილ სხდომათა დარბაზში. სხვა რესურსი საბჭოს არ გააჩნდა. იყო მოსაზრება, რომ გასაუბრებები ჩაგვეტარებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დიდ დარბაზში, თუმცა – ეს მოსაზრება უარყოფილ იქნა, რადგან გასაუბრების სხდომათა დარბაზში ჩატარება უდავოდ მოახდენდა ფსიქოლოგიურ წნეხს კანდიდატებზე და გასაუბრება მართლაც დაკითხვას დაემსგავსებოდა.

საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, სხდომათა დარბაზში კამერები დაიშვება მხოლოდ სხდომათა დაწყებისას, კადრების აღების მიზნით, რის შემდეგაც კამერები ტოვებს სხდომათა დარბაზს და ინაცვლებს ფოიეში, სადაც განთავსებულია მონიტორი, რომელშიც აისახება საბჭოს სხდომის უწყვეტი მიმდინარეობა (ე.წ. სტრიმი). სხვაგვარი რეგულაცია კანონით განსაზღვრული არ ყოფილა; ამდენად, საბჭოს არ ევალებოდა შერჩევის პროცედურის მიმდინარეობისას კამერების მუდმივი დაშვება უშუალოდ სხდომათა დარბაზში. მეტიც: თავად სხდომაზე ფიზიკურად დამსწრე პირებიც მოითხოვდნენ, კამერებს რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი, რადგან ოპერატორთა მუშაობა მათ უქმნიდა დისკომფორტს.

მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ სრული შესაძლებლობა – საბჭოს სხდომისათვის თვალყური ედევნებინათ და აუდიო-ვიდეო ფიქსაციაც განეხორციელებინათ სწორედ ზემოთ აღნიშნული მონიტორის მეშვეობით. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მონიტორის და ე.წ. სტრიმის მუშაობა არასდროს შეფერხებულა საბჭოს მიზეზით! გარდა ამისა, არ ყოფილა წარმოდგენილი მედიის წარმომადგენლების პრეტენზიაც იმის შესახებ, რომ მათ ხელი ეშლებოდათ მუშაობაში.

ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ გასაუბრების პროცესისადმი ინტერესს საზოგადოება სრულად იკმაყოფილებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ტრანსლაციისათვის თვალყურის დევნებით და არა უშუალოდ სხდომათა დარბაზში დასწრებით. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, გასაუბრებისას საბჭოს სხდომათა დარბაზი ნახევრად ცარიელიც რჩებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,გასაუბრების ადგილის შეუსაბამობის“ და ,,გამჭვირვალობის გარკვეულწილად შეზღუდვის“ თაობაზე ODIHR-ის დასკვნებით უსაფუძვლოდ და უსამართლოდ კნინდება გასაუბრებების მართლაცდა უპრეცენდენტოდ გამჭვირვალედ ჩატარების ფაქტი.

2. კანდიდატთა ე.წ. მოკლე სიის გამოვლენის ნაწილი:

2.1. ანგარიშის ,,მოკლე შინაარსის“ მე-6 აბზაცში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა გამოთქვა ეჭვი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის შეთანხმებულად მოქმედებაზე იმ მიზნით, რომ შემოკლებულ სიაში შეეყვანათ 45 კონკრეტული განმცხადებელი.

სამწუხაროა, რომ ODIHR-ის მონიტორების ყურადღების მიღმა დარჩა და ანგარიშშიც არ აისახა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის თავმჯდომარის – დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება, რაც მან გააკეთა 2019 წლის 30 ივლისის სხდომაზე, იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველის ანალიზი ცალმხრივი, ტენდენციური იყო: სახალხო დამცველმა ყურადღება არ მიაქცია ორ ბიულეტენს, რომლებშიც 100%-ით ემთხვეოდა ერთმანეთს 11 კონკრეტული განმცხადებელი: ერთ ბიულეტენში მოხაზული იყო 11 კანდიდატი, ხოლო მეორეში – 20 კანდიდატი, რომელთაგან 11 სრულად ემთხვეოდა პირველ ბიულეტენში მოხაზულ 11 კანდიდატს.

დამატებით ისიც აღსანიშნავია, რომ ამ 11 კანდიდატიდან ე.წ. მოკლე სიაში გადავიდა 8 კანდიდატი, ანუ – 50 კანდიდატში მოხვდა 8 ისეთი კანდიდატი, რომელიც მხარდაჭერილი იყო არა მხოლოდ სახალხო დამცველის მიერ ნაგულისხმები საბჭოს წევრთა ,,უმრავლესობით“, არამედ – სხვა ორი წევრის მხარდაჭერითაც, რომელთა ბიულეტენებში დამთხვევებიც სახალხო დამცველმა უგულებელყო! შესაბამისად, თუნდაც გავყვეთ სახალხო დამცველის და საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის – ნაზიბროლა ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის ლოგიკას, მათი მოსაზრება ე.წ. მოკლე სიაში მხოლოდ საბჭოს წევრთა ,,უმრავლესობისთვის“ სასურველი 45 კანდიდატის გაყვანის შესახებ მაინც უზუსტო გამოდის: 50 – 8 = 42-ს და არა 45-ს!

გარდა ამისა, კოლეგიური ორგანოსათვის ბუნებრივადაა დამახასიათებელი, რომ გადაწყვეტილების მიღების წინ ამ ორგანოს წევრებს შორის გარკვეულ კონსულტაციებს, აზრთა გაცვლას ჰქონდეს ადგილი. ასე იყო მოცემულ შემთხვევაშიც: კენჭისყრამდე საბჭოს წევრებს შორის იყო აზრთა გაცვლა ცალკეულ კანდიდატებთან მიმართებით, რაშიც არავითარი კანონდარღვევა არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ODIHR-ის ანგარიშში აუცილებლად უნდა აისახოს დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადების და საბჭოს 2 წევრის ბიულეტენებში გამოვლენილი 100%-იანი დამთხვევის შესახებ.

2.2. ანგარიშის ,,მოკლე შინაარსის“ ნაწილის მე-5 აბზაცში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მოეთხოვებოდა რაიმე დასაბუთების (განმარტების) წარდგენა კანდიდატთა ე.წ. მოკლე სიაში შეყვანის თაობაზე, იმის დასადასტურებლად, რომ გადაწყვეტილებები მართლაც კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის სათანადო შეფასების შედეგად იყო მიღებული.

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ე.წ. მოკლე სიის შედგენა, ანუ – 137 რეგისტრირებული კანდიდატისგან 50 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 13 წევრის შემადგენლობით, გამოავლინა ფარული კენჭისყრით. ამდენად, კენჭისყრის ფარულობის პირობებში, შეუძლებელია – საბჭოს წევრებს მოეთხოვოთ დასაბუთების თუ განმარტების წარმოდგენა კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ასეთია საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც აღსანიშნავია, რომ შეესაბამება ,,დემოკრატიისათვის კანონის მეშვეობით ევროპული კომისიის (ვენეციის კომისია)“ 2013 წლის #701 დასკვნით განსაზღვრულ სტანდარტს: კომისია მიესალმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისათვის ღია კენჭისყრის ნაცვლად ფარული კენჭისყრის დაწესებას და მას ,,მნიშვნელოვანი ცვლილება“ უწოდა (იხ: პუნქტი 39), რითაც დაადასტურა ღია კენჭისყრასთან მიმართებით ფარული კენჭისყრის პროგრესული ხასიათი.

3. კანდიდატთა მოსმენის (გასაუბრების) ნაწილი:

3.1. ანგარიშის ,,მოკლე შინაარსის“ ნაწილის მე-8 აბზაცში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო გასაუბრების ჩატარების პროცედურული წესები ან გასაუბრების დროს ქცევის წესები, რამაც განაპირობა კანდიდატების მიმართ არათანაბარი მოპყრობა, საბჭოს წევრთა შორის დაპირისპირებები, მწვავე კამათი და არაპროფესიული გარემოს შექმნა; ხოლო მე-9 აბზაცში მითითებულია, რომ კანდიდატებთან გასაუბრებებისას, ზოგჯერ, საბჭოს წევრები სხვადასხვა მეთოდით მიანიშნებდნენ თავიანთი მხრიდან კანდიდატის მხარდაჭერას ან პირიქით – წინააღმდეგობას. ხოლო ,,გასაუბრება კანდიდატებთან“ ნაწილის მე-7 აბზაცში აღნიშნულია, რომ სხდომის თავმჯდომარეარ ცდილობდა წესრიგის დაცვას და თავად მონაწილეობდა კამათში.

საჯარო მოსმენა (გასაუბრება), ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის აუცილებელი ეტაპია და უზრუნველყოფს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მიიღოს დამატებითი ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით შესაფასებლად. ამდენად, ეს არის საბჭოს წევრისათვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული, ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლება, რომლის შეზღუდვაც, იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის (კანონის) საფუძველზეა შესაძლებელი. შესაბამისად, კანდიდატთან გასაუბრებისას საბჭოს წევრის ქცევის რეგულირება უნდა მომხდარიყო სწორედ კანონით და არა საბჭოს გადაწყვეტილებით.

ამიტომ, არც საბჭოს და არც საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს ჰქონდა რაიმე სამართლებრივი ბერკეტი, აღეკვეთა ორი წევრის – ნაზიბროლა ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის პროვოკაციული ქმედებები და, ხშირ შემთხვევაში, კანდიდატთა მიმართ არათანაბარი მოპყრობიც ფაქტები (ამგვარი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია ODIHR-ის წინამდებარე ანგარიშშიცაა ასახული, იხ: ,,გასაუბრება კანდიდატებთან“ ნაწილის მე-5 აბზაცის ბოლო ორი წინადადება, სადაც საუბარია, რომ ეს ორი წევრი გარკვეულ კანდიდატებთან იყენებდნენ გასაუბრების უხეშ სტილს, რომელიც დაკითხვას უფრო ჰგავდა და მიზნად ისახავდა რესპონდენტის მხოლოდ სუსტი მხარეების გამოააშკარავებას). ერთადერთი, რაც რჩებოდათ საბჭოს დანარჩენ წევრებს, იყო პროტესტის დაფიქსირება და მოწოდება, რათა ამ ორ წევრს შეეწყვიტა დესტრუქციული ქმედება და კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რასაც მოსდევდა ხოლმე გარკვეული კამათი. ამდენად, დაპირისპირების ინსპირატორები ყოველთვის იყვნენ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. სხდომის თავმჯდომარემ კი რამდენჯერმე შესვენებაც კი გამოაცხადა იმისათვის, რათა დაძაბული ფონი ჩამცხრალიყო და გასაუბრება საქმიან რეჟიმში გაგრძელებულიყო.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენ წევრთაგან კანდიდატებთან არათანაბარი მოპყრობის (მათ შორის – მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის გამოხატვის) ფაქტები არ დაფიქსირებულა და ანგარიშში ასახული ეს დასკვნა არის, სამწუხაროდ, ODIHR-ის სხდომებზე დამსწრე ორი მონიტორის ფანტაზიის ნაყოფი, რომლის გაბათილებაც სულ ადვილად ხდება საბჭოს სხდომების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების ანალიზით.

პირიქით, ნაზიბროლა ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მხრიდან სხვადასხვა კანდიდატის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები კი უხვად დაგროვდა გასაუბრებების დროს: მოქმედ მოსამართლეებს ისინი საათების განმავლობაში უწყობდნენ უხეშ და პროვოკაციულ დაკითხვებს, მაშინ როცა ზოგიერთ კანდიდატს ან საერთოდ არაფერს ეკითხებოდნენ (მაგ: როინ მიგრიაულს), ან – ეკითხებოდნენ კორექტულად და რელევანტურად (მაგ: ნუნუ კვანტალიანს, ლევან მესხორაძეს); მათთვის უინტერესო კანდიდატებთან გასაუბრებას საერთოდ არ დაესწრნენ (მაგ: არ დაესწრნენ მირანდა ერემაძის, უჩა თოდუას, შოთა ლაითაძის გასაუბრებას), მოგონილი მიზეზით, თითქოს ვერ იმუშავებდნენ 18:30 საათის შემდეგ, მაშინ, როცა იმავე დროს დაესწრნენ ვლადიმერ კაკაბაძის გასაუბრებას და მოუწყეს მათთვის დამახასიათებელი დაკითხვა, რაც თავად კანდიდატმაც გააპროტესტა. სამწუხაროა, რომ ეს ცხადი ფაქტები ODIHR-ის მონიტორებმა არ დააფიქსირეს და ანგარიშშიც არ აისახა.

3.2. ანგარიშის ,,გასაუბრება კანდიდატებთან“ ნაწილის მე-4-მე-5 აბზაცებში და მათ შესაბამის სქოლიოებში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ კანდიდატს გასაუბრებისას ,,ხელსაყრელი პირობები“ ექმნებოდა: მათ საბჭოს წევრები უსვამდნენ ,,ადვილ“ შეკითხვებს, კანდიდატთა სპეციალიზაციის სფეროდან, რის გამოც ,,პასუხებიც წარმატებული იყო“; ფიქსირდებოდა ,,დახმარება“ პასუხის გაცემაში, კანდიდატთა ,,შექება“, მის პასუხზე დასტურის ნიშნად თავის დაქნევა და სხვა. ზოგ კანდიდატს ,,რთულ ტექნიკურ ან ბუნდოვან“ შეკითხვებს, რომელიც სცილდებოდა კანდიდატთა სპეციალიზაციის სფეროს და უწევდნენ ოპონირებას, იცინოდნენ პასუხებზე და ამით დისკრედიტაციას უწევდნენ კანდიდატს.

გასაოცარია ამგვარი დასკვნების ასახვა ანგარიშში, რადგან ამ დასკვნებს არავითარი ფაქტობრივი საფუძველი გააჩნია. გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ODIHR-ის მონიტორები – ანა კაკალაშვილი და მარიამ ადუაშვილი, შეუცვლელად ესწრებოდნენ რა კანდიდატებთან გასაუბრების ბუნებრივად მრავალსაათიან პროცესს, გადაიღალნენ და ყურადღების სათანადო კონცენტრაციასაც ვერ ახდენდნენ, რის გამოც დანახულს და მოსმენილს არაადეკვატურად აღიქვამდნენ. მაგალითად, შეუძლებელია უარყოფითად შეაფასო საბჭოს წევრის მოქმედება – გაამხნევოს კანდიდატი, რომელიც ღელავს გასაუბრებისას და ამისთვის გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი, თუნდაც ის, რომ კანდიდატს უთხრას, რომ კარგად გამოდის გასაუბრებაზე, ანდაც – დააქნიოს თავი, როცა კანდიდატი დასმულ შეკითხვას სწორად პასუხობს.

მონიტორთა დასკვნების წინააღმდეგობრიობაც თვალშისაცემია: მაგალითად, ერთ შემთხვევაში უარყოფითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ კანდიდატს კითხვა ესმება მისი სპეციალიზაციის სფეროდან, ხოლო მეორე შემთხვევაში ასევე უარყოფითად ფასდება ის ფაქტი, რომ კანდიდატს კითხვა ესმება სფეროდან, რომელიც სცილდება კანდიდატის სპეციალიზაციას.

ასევე გაუგებარია დასკვნა კანდიდატებისთვის ,,რთული ტექნიკური და ბუნდოვანი შეკითხვების“ დასმის შესახებ: ვისთვის იყო ეს შეკითხვები ,,რთული და ბუნდოვანი“? ალბათ თავად მონიტორებისთვის, რადგან არც ერთ კანდიდატს არ გაუპროტესტებია მისთვის ,,რთული ტექნიკური და ბუნდოვანი შეკითხვის“ დასმის ფაქტი.

კატეგორიულად უარვყოფთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან (გარდა ნაზიბროლა ჯანეზაშვილის და ანა დოლიძისა) რომელიმე კანდიდატის დაცინვას ან დისკრედიტაციას! წარმოდგენილი ანგარიშის ნაკლი იმაშიცაა, რომ ხდება საბჭოს მითითებული ორი წევრის ქმედებათა განზოგადება მთელს საბჭოზე, რაც დაუშვებელია, რადგან უკვე საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ეს ორი წევრი არად აგდებს სასამართლოს და საბჭოს ავტორიტეტს, საკუთარი ქმედებებით და განცხადებებით სწორედ ისინი ეწევიან ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ამიტომაც აუცილებელია, რომ მსგავს ანგარიშებში გაიმიჯნოს მათი პროვოკაციული ქმედებები საბჭოს დანარჩენ წევრთა ქმედებისაგან, რათა დაინტერესებულმა პირებმა რეალურად შეძლონ პროცესის მიმდინარეობის აღქმა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ნაწილის მე-6 აბზაცში ასახული დასკვნა: ,,სამოქალაქო სექტორის დახმარებით ზოგიერთი წევრი კარგად მომზადებული მოდიოდა სხდომებზე, კერძოდ – წინასწარ ჰქონდათ დამოუკიდებელი კვლევა და წინასწარ ჰქონდათ მომზადებული კითხვები“. ამით დადასტურდა საბჭოს მოსამართლე წევრთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე გასაუბრებებზე სვამდნენ შეკითხვებს, რომლებიც შეთანხმებული იყო სამოქალაქო სექტორთან! ანუ, მათ დამოუკიდებლად არც შეუძლიათ, სათანადოდ და კვალიფიციურად შეასრულონ საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

4. საბოლოო კენჭისყრების ნაწილი:

4.1. ანგარიშის ,,მოკლე შინაარსის“ ნაწილის მე-10 აბზაცში უარყოფითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატები შეაფასეს არა თითოეულ მათგანთან გასაუბრების დასრულების, არამედ – ყველა კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ. ,,ქულებით შეფასება, რანგირება და საბოლოო შერჩევა“ 1-ლ აბზაცში კი აღნიშნულია, რომ საბჭოს წევრები ,,არ აკეთებდნენ ჩანაწერებს შემდგომ ეტაპზე მათი გამოყენების მიზნით“.

ის, რომ კანდიდატები შეფასდნენ გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ, კონკურსისათვის დამახასიათებელი, სრულიად ლოგიკური მოქმედებაა: იმისათვის, რათა ყველა კანდიდატი სათანადოდ შეფასდეს, შემფასებელს უნდა ჰქონდეს ყველა კანდიდატის თაობაზე სრული ინფორმაცია, გასაუბრებებზე მიღებული ინფორმაციის ჩათვლით; ამის შემდეგ, შემფასებელი ავლენს, მისი აზრით, საუკეთესო კანდიდატს და მას უწერს ყველაზე მაღალ ქულებს, რის შემდეგაც დანარჩენ კანდიდატებს აფასებს სწორედ საუკეთესო კანდიდატის მონაცემებთან შესაფასებელი კანდიდატის მონაცემების შედარების განხორციელებით. თუ, მაგალითად, გასაუბრებაზე წარმოდგენილ პირველ კანდიდატს შემფასებელი დაუწერს უმაღლეს ქულებს, ხოლო შემდგომში გასაუბრებაზე წარმოდგენილი სხვა კანდიდატი აჩვენებს უკეთეს შედეგებს, ორივე ამ კანდიდატისათვის უმაღლესი ქულების დაწერა იქნება დისკრიმინაციული მოპყრობის კლასიკური შემთხვევა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ დავასრულეთ გასაუბრება ყველა კანდიდატთან და მათი შეფასებაც განვახორციელეთ მათ შესახებ ჩვენს ხელთ დაგროვილი სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე, რაშიც არავითარი დარღვევა არსებობს.

სიცრუეა ის, რომ საბჭოს წევრები არ აკეთებდნენ ჩანაწერებს, კანდიდატთან გასაუბრების თაობაზე. 2019 წლის 11 სექტემბერს, ქალბატონ მეგან ფიცჯერალდთან შეხვედრისას, სერგო მეთოფიშვილმა წარმოადგინა ბლოკნოტი, რომელიც სავსე იყო სწორედ ამგვარი ჩანაწერებით. ასეთ ჩანაწერებს ნამდვილად ვაკეთებდით; გარდა ამისა, არსებობს კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერებიც, რომელსაც ვეცნობოდით, საჭიროების შემთხვევაში.

4.2. ანგარიშის ,,მოკლე შინაარსის“ ნაწილის მე-10 აბზაცში ასევე უარყოფითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ საბოლოო კენჭისყრის შედეგად ჩამოყალიბებულ 20-კანდიდატიან სიაში არ მოხვდა 5 ისეთი კანდიდატი, რომელიც, შეფასების შედეგად დაგროვილი ქულების მიხედვით, უნდა მოხვედრილიყო ოცეულში.

აღნიშნული ფაქტი ვერ ჩაითვლება შერჩევის პროცედურის ნაკლად ორი გარემოების გამო:

ა) მე-20 ადგილზე მყოფი კანდიდატის ქულათა ჯამი შეადგენს 1044-ს; ქულათა მაქსიმუმის მიხედვით ოცეულს გარეთ მოხვედრილი იმ 5 კანდიდატის, რომლებიც საქართველოს პარლამენტისათვის არიან წარდგენილნი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, ქულების ჯამი შეადგენს შესაბამისად 1041-ს, 1041-ს, 1033-ს, 1030-ს და 1017-ს; ამდენად, ამ ხუთი კანდიდატის მიერ დაგროვილ ქულათა ჯამსა და ქულების მიხედვით საუკეთესო ოცეულში მოხვედრილ კანდიდატთა ქულებს შორის სხვაობა არ არის არსებითი ხასიათის;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც შერეული შემადგენლობისაა და ისიც ცნობილია, რომ მისი ორი არამოსამართლე წევრი – ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე დაუფარავად აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით პოზიციას რიგი კანდიდატების, მაგალითად – გიორგი მიქაუტაძის მიმართ, რის გამოც ამგვარ კანდიდატებს ისინი არ აფასებენ ობიექტურად და მიზანმიმართულად აკლებენ ქულებს, მაშინ, როცა ჩვენ, მოსამართლე წევრები, ყველა კანდიდატს ვაფასებთ ობიექტურად, მათი დამსახურების (რაც ეფუძნება კეთილსინდისიერების და კომპეტენციის მაღალ დონეს) მიხედვით.

სწორედ ამიტომაც, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-12-მე-13 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრების ეტაპი გაიმიჯნა კანდიდატთა შეფასების ეტაპისგან და იქცა შერჩევის პროცედურის დამოუკიდებელ ეტაპად, რომელიც ავტომატურად არ გამომდინარეობს შეფასების შედეგებიდან, თუმცა – კენჭისყრის შედეგი არც არსებითად და მკვეთრად უნდა იყოს აცდენილი შეფასების შედეგებს. ამგვარი სხვაობა (აცდენა) კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში არც არსებობს.

4.3. ანგარიშის ,,მოკლე შინაარსის“ მე-11 აბზაცში უარყოფითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ევალება არანაირი დასაბუთების წარმოდგენა საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენილი 20 კანდიდატის შერჩევის თაობაზე, რაც დანარჩენ კანდიდატებს უსპობს შერჩევის პროცედურის შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-12-მე-13 პუნქტების თანახმად, 50 კანდიდატისაგან საუკეთესო 20 კანდიდატის გამოვლენა და შემდგომ ამ 20 კანდიდატისათვის საბოლოო კენჭისყრაც ხორციელდება ფარულად. შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობის პირობებში, შეუძლებელია – საბჭოს წევრებს მოეთხოვოთ დასაბუთების თუ განმარტების წარმოდგენა კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (იხ: ჩვენი არგუმენტაცია ზემოთ, 2.2 ქვეპუნქტში).

რაც შეეხება გასაჩივრებას, მართალია, კანონით სპეციალურად არ იქნა განსაზღვრული შერჩევის პროცედურის შედეგთა გასაჩივრების წესი, თუმცა – ამ შედეგებით უკმაყოფილო კანდიდატებს აქვთ სრული შესაძლებლობა – იდავონ სასამართლოში, საერთო სასარჩელო წარმოების აღძვრის გზით“, – ნათქვამია იუსტიციის საბჭოს ინფორმაციაში.