იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ 14 კანდიდატთან გასაუბრება დაასრულა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ 14 კანდიდატთან გასაუბრება დაასრულა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პირველი დღე დასრულდა. 14 კანდიდატიდან ოთხმა საბჭოსთან გასაუბრება დახურულ ფორმატში გაიარა.
დღეს საბჭოს კითხვებს უპასუხეს როგორც გახმაურებული საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა, ისე 10 წლიანი გამოცდილების მქონე და უვადო მოსამართლეებმა.

კანდიდატებს შორის არის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი, რომლის სახელსაც ე.წ. ციანიდისა და ე.წ. კაბელების საქმეების განხილვა უკავშირდება. მას 10 წლიანი გამოცდილება აქვს და თანამდებობაზე გამწესების შემთხვევაში უვადო მოსამართლე გახდება.

ასევე გასაუბრების პროცესი გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა, რომელიც უკვე უვადოდ არის გამწესებული.

გასაუბრების პროცესს მშვიდსა და საქმიანს უწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე. მისი განმარტებით, გასაუბრების პროცესი სამშაბათს განახლდება.

შეგახსენებთ, საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რომელიც მოსამართლეების შერჩევის მიზნით ტარდება, 43 ვაკანტურ ადგილზე, 80 მსურველს აქვს განაცხადი შეტანილი. აქედან 21 არის ყოფილი მოსამართლე, 17 – 10 წლიანი გამოცდილების მქონე, ერთი უზენაესი სასამართლოს მოქმედი, ერთი კი ყოფილი მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის 10 ​კურსდამთავრებული, 17 კი სამწლიანი გამოცდილების მქონე.