იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მოსამართლეობის კანდიდატთა სარეზერვო სია გახდა.

დაპირისპირება ნაზი ჯანეზაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რაზეც საკითხის ავტორმა ირმა გელაშვილმა საპასუხო განცხადება გააკეთა და დეტალურად განმარტა, როგორია ამ სიის შედგენის წესი.

ირმა გელაშვილის განცხადებით, აღნიშნული ბაზა აღებულია საჯარო რეესტრიდან, სადაც რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი აღმოჩნდა. ირმა გელაშვილის თქმითვე, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ვერსია და ემსახურებოდა იმ კანდიდატების მოძიებას, ვინც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რათა სამომავლოდ მოხვდეს მოსამართლეობის კანდიდატთა სარეზერვო სიაში.

ირმა გელაშვილს გამოეხმაურა განცხადების ადრესატი ნაზი ჯანეზაშვილი და განმარტა, რომ მზად არის მის მიერ გახმაურებულ ინფორმაციაზე გააკეთოს დამატებითი განმარტება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე იტყვის, რომ გაავრცელა სიცრუე. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ის არ აპირებს აღნიშნული საკითხის მხარდაჭერას, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საკითხმა შესაბამისი ხმები მაინც მოიპოვოს.

მოგვიანებით, კამათსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთნენ საბჭოს სხვა წევრებიც. მათ შორის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი. საბოლოოდ კი, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სარეზერვო სიაზე მსჯელობა გასულ კვირას დაიწყო. საკითხის ავტორი, საბჭოს არამოსამართლე წევრი ირმა გელაშვილი იყო. 150-კაციანი სიის გასაჯაროების შემდეგ, საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ სიაში მოხვდნენ როგორც გარდაცვლილი, ასევე გაურკვეველი რეპუტაციის მქონე ადამიანები.

საბოლოოდ, საკითხის კენჭისყრა დამატებითი კონსულტაციის მიზნით გადაიდო.