სერგო მეთოფიშვილი - მე სხვადასხვა ადამიანი მეუბნებოდა, რომ ეკა გიგაური სასაზღვრო პოლიციაში მსხვილ ტენდერებს აგებინებდა თავის ახლობლებს
სერგო მეთოფიშვილი - მე სხვადასხვა ადამიანი მეუბნებოდა, რომ ეკა გიგაური სასაზღვრო პოლიციაში მსხვილ ტენდერებს აგებინებდა თავის ახლობლებს

ეს არის კარგად შეფუთული Fake news, – ასეთი შეფასება გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაზე.

როგორც მეთოფიშვილმა აღნიშნა, კვლევის ავტორებს სურთ, ყალბ რეალობაში დააჯერონ საზოგადოება.

„მე ამას არ დავარქმევდი კვლევას. ეს არის ტყუილებისა და ბინძური ჭორების ნიმუში. შეაგროვა ჭორები ოლიკო შერმადინმა და აი, ეს ბინძური ჭორები მოგვართვეს ამ ფურცლებზე, უნდათ, გაასაღონ კვლევა. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ყავს შვიდი რესპონდენტი, მათ შორის – ორი ყოფილი მოსამართლე, ერთი სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი, ორი მოქმედი ადვოკატი. ანუ, თუ მე წავედი და განაწყენებულ ადამიანს ვკითხე მოსაზრება, რა თქმა უნდა, ის იტყვის განაწყენებული პოზიციიდან. ეს ცუდი სტანდარტია და ამ სტანდარტის შემოღება იქნება არასწორი“,- აღნიშნა მეთოფიშვილმა.

ამასთან, მეფოთფიშვილის თქმით, მასაც აქვს ინფორმაცია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის დროს, მსხვილ ტენდერებს ახლობლებს აგებინებდა.

„2007-2008 წლებში ვმუშაობდი სასაზღვრო პოლიციაში, ვიყავი შიდა ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე. ქალბატონი ეკა გიგაური იყო სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე. ის ხელმძღვანელობდა ფინანსებს, კადრებს, იურიდიულ, საერთაშორისო სამსახურს, პროტოკოლს და იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. მე, როგორც შიდა ინსპექციის თანამშრომელი, ვხვდებოდი კონფიდენციალურად იმ დროს სხვადასხვა ადამიანს და მეუბნებოდნენ, რომ ეკა გიგაური მსხვილ ტენდერებს აგებინებდა თავის ახლობლებს, ნდობით აღჭურვილ პირებს. ეს ხალხი დღესაც ცოცხლები არიან, რეალობას ვამბობ. თუმცა, მტკიცებულებები ხელში არ მქონდა და ახლა სხვისი ნათქვამის საფუძველზე რომ ვთქვა, ეკა გიგაური არის კორუმპირებული ადამიანი, ტენდერებში ფულს აკეთებდა სასაზღვრო პოლიციაში, ვიქნები მართალი? იმ პერიოდში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეც აღიძრა, ამის გადამოწმებაც შეიძლება გენერალურ ინსპექციაში. თუმცა, რეალური მსვლელობა არ მოჰყოლია. მაშინ კონფიდენციალურ საუბრებში ადამიანები ლაპარაკობდნენ ჩემთან, რომ ეკა გიგაური იმ დროინდელ ხელმძღვანელობასთან გარიგებაში შევიდა“, – აღნიშნა მეთოფიშვილმა.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა წარადგინა, რომელშიც სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებზეცაა საუბარი.

დატოვე კომენტარი