იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშს წარადგენს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშს წარადგენს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს უსმენენ. გიორგი ბურჯანაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშს წარადგენს.

მისი განმარტებით, დოკუმენტში მოხვდა როგორც გახმაურებული სასამართლო დავები, ისეთი როგორიც არის ე.წ. ციანიდის საქმე, არასრულწლოვანთა საქმე, ასევე სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა და ინსტიტუციური სახის გამოწვევები.

გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნული საკითხის მაგალითად მოიყვანა იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოვლენები, კონკრეტულად კი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის რეპლიკა, რომელიც ერთ-ერთ სხდომაზე გამოითქვა, „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი საბჭოს მხრიდან“.

სახალხო დამცველის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატი არ აკრიტიკებს საბჭოს, რადგან ეს არ არის აპარატის ფუნქცია. მისივე თქმით, მათი რეკომენდაციები ეხება საქართველოს პარლამენტს.

„ანგარიშში მოხვდა სამართლიანი სასამართლოს უფლების კუთხით დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე. ამ თვალსაზრისით, მხარეთა თანასწორობის კუთხით შეფასებული გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარეს შეიძლება შეეზღუდოს პროკურორის მიერ კონკრეტული ინფორმაციის გახმაურება ისევე, როგორც მედიასთან ურთიერთობა, გარკვეულწილად არათანაბარ მოპყრობას იწვევს. საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ანგარიშში მოხვდა არასრულწლოვნების საქმე და ყველა ის საქმე, რომელზეც ჩვენ მოგვმართეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს საერთო სასამართლოებს ინსტიტუციური სახის გამოწვევებიც აქვს.

„ვიცით, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად, ასევე სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირება ინსტიტუციონალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ადამიანის უფლებების დასაცავად. სწორედ ამ ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით ერთ-ერთ კონტექსტუალურ ელემენტად გვაქვს ეს საკითხი წარმოდგენილი, რაც საბჭოში მიმდინარე მოვლენების ასახვას ისახავს მიზნად. საბჭოს საქმიანობა არ გვაქვს გაკრიტიკებული, ჩვენი ფორმატი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს სასამართლო სისტემაში პრობლემები, ამ პრობლემების ერთ-ერთ დასტურად სწორედ ეს ფაქტი გვაქვს წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის განხილვა საბჭოს სხომის დღის წესრიგში უკვე მესამედ მოხვდა. მიზეზი, სახალხო დამცველის სხდომაზე გამოყცხადებლობაა. საბჭოს წევრთა უმრავლესობის არგუმენტი, საკითხის გადადებისას იყო ის რომ ავტორი უნდა ესწრებოდეს საკუთარი დოკუმენტის განხილვას.