იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება გრძელდება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება გრძელდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება გრძელდება. საბჭოს რამდენიმე კანდიდატმა გასაუბრების პროცესის დახურვა მოითხოვა.

უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებს შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი წევრებიც. მოქმედი წევრებიდან გასაუბრება დღეს ჩატარდა კანდიდატ რევაზ ნადარაიასთან, რომელთანაც გასაუბრება დახურული იყო.

ყოფილი წევრებიდან გასაუბრების პროცესში მონაწილეობას მიიღებს მოსამართლე ილონა თოდუა. მის სახელს რამდენიმე გახმაურებული საქმის განხილვა უკავშირდება. თოდუა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა პალატის ერთ-ერთი მოსამართლე იყო, რომელიც იხილავდა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ასევე მოსამართლე ილონა თოდუას უკავშირდება 2012 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე ოპოზიციური პარტიების დაჯარიმების საკითხის განხილვა.

გასაუბრების ეტაპს გაივლის დღეს მოსამართლე თეიმურაზ დგვარელიც, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იხილავდა.  დგვარელმა მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის საკითხი უცვლელი დატოვა.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ასევე მოუსმენენ მოსამართლე მერაბ ლომიძეს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო და 2012 წელს ოპოზიციონერი ლიდერების დაჯარიმების საკითხს იხილავდა.