უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცედურები იუსტიციის საბჭომ შესაძლოა, დღეს დაიწყოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცედურები იუსტიციის საბჭომ შესაძლოა, დღეს დაიწყოს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცედურები იუსტიციის უამღლესმა საბჭომ შესაძლოა, დღესვე დაიწყოს.

საბჭოში დღეს, 16:00 საათზე, ჩანიშნულია სხდომა. არ არის გამორიცხული, სწორედ დღევანდელ სხდომაზე დაიწყოს საბჭომ კანდიდატის შესარჩევი პროცედურები.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატი უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეებს შორის უნდა აირჩიოს.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს, მისი როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმებს მიიღებს. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები, კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას მიიღებს.

თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლო კენჭისყრიდან ორი კვირის შემდეგ, კანდიდატების დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

ამ დროისთვის, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე არ ჰყავს. ბოლო თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან 2018 წლის აგვისტოში გადადგა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ საქართველოს პარლამენტმა 14 კანდიდატი დაამტკიცა. პარლამენტმა წარდგენილი 19 კანდიდატიდან მხარი დაუჭირა 14 მათგანს, ხუთ კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა.