იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 139 მსურველი დაარეგისტრირა
იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 139 მსურველი დაარეგისტრირა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად 139 მსურველი დაარეგისტრირა, ხუთს კი, უარი უთხრა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

კანდიდატთა ნაწილის კენჭი ცალკე უყარეს. პირველ ეტაპზე, საბჭოს შესაბამისმა დეპარტამენტმა წარადგინა ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც რეგისტრაციისთვის აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ესენი არიან: განმცხადებელი მამუკა ეგუტიძე, რომელმაც საკუთარი გამოცდილების დამდასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარადგინა, ასევე რეგისტრაცია ვერ გაიარა ლევან კოკორაშვილმა, უარი ეთქვა განმცხადებელს ნუგზარ სარიასაც, რომელიც ყოფილი მოსამართლეა და მის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოების პროცესი განხორციელდა, ასევე უარი ეთქვა ლევან ღუდუშაურს, რომელსაც არ ჰქონდა იურისპრუდენციაში მაგისტრთან გათანაბრებული დოკუმენტი. რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, მერაბ ქავთარაძეს, ის 65 წლის არის და სწორედ ამიტომ მოხვდა ე.წ. პრობლემურ განმცხადებლებს შორის.

ცალკე ეყარა კენჭი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი მიქაუტაძეს, რადგან საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ მას საკუთარი განაცხადი ხარვეზით ჰქონდა შევსებული, რის გამოც უნდა მოხსნილიყო კენჭისყრიდან. გიორგი მიქაუტაძე საბჭოს 10 წევის მხარდაჭერით კანდიდატად დარეგისტრირდა. დანარჩენ კანდიდატებს კი კენჭი მესამე ეტაპზე, ერთობლივად ეყარა კენჭი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დარეგისტრირებულ მსურველთა სია საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.