იურიდიულმა კომიტეტმა დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ვადა იცვლება
იურიდიულმა კომიტეტმა დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ვადა იცვლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ვადა იცვლება. ცვლილებები შედის 247-ე მუხლის მეორე ნაწილში.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს.

კანონპროექტის მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება. გასაჩივრებული რეგულაციის თანახმად, იმ პირების დაკავების მაქსიმალური ვადა, რომელთა დაკავებაც განხორციელდა არასამუშაო დროს, შეადგენს 48 საათს, მაშინ, როდესაც სამუშაო დროს დაკავებული პირების დაკავების ვადა, ზოგადი წესის თანახმად, არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.

ინიცირებული ნორმა პირველი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით ინიცირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განპირობებული. საქმეზე „ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მეორე ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო.