ირაკლი ზარქუა - ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ერთადერთი, რაც მოიფიქრეს, ელისაშვილს დაავალეს, ასე ქურდულად მიჰპაროდა მდინარაძეს და არაკაცური საქციელი ჩაედინა
ირაკლი ზარქუა - ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ერთადერთი, რაც მოიფიქრეს, ელისაშვილს დაავალეს, ასე ქურდულად მიჰპაროდა მდინარაძეს და არაკაცური საქციელი ჩაედინა

ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ერთადერთი, რაც მოიფიქრეს, არაკაც ელისაშვილს დაავალეს, ასე ქურდულად მიჰპაროდა მამუკა მდინარაძეს და არაკაცური საქციელი ჩაედინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას შეფასებით, ამოცანა იყო იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩაშლა. თუმცა ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ იურიდიულ კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით მიიღებენ.

„კიდევ ერთხელ გაჟღერდა, ჩვენ ევროპელებს და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს უნდა დავეკითხოთო, თორემ ქართველ ხალხს ვინ ჰკითხავსო. ეს იყო დღეს ამ ხელმოცარულებისგან გაჟღერებული. ეს არის სახელმწიფო, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დაფინანსება, რაც შემოდის მედიაში და არასამთავრობო ირგანიზაციებში, 20 პროცენტზე ზემოთ, იქნება ღია და გამჭვირვალე, როგორც არის აშშ-ში, ევროპაში, როგორც არის ცივილიზებულ სამყაროში. საქართველოს მიმართ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არის უდიდესი ინტერესი. თქვენ ნახეთ, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ. ამ ქვეყანაში ბევრ სახელმწიფოს სურს თავისი გავლენები, როგორც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან. ეს ვერ გავაგებინეთ ამ უსამშობლოებს. ამათ მარტო ის ესმით, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგნენ და რასაც დაუკვეთავენ, ის აკეთონ, გამორიცხულია. ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა. 85 მლნ-დან 70 მლნ სად წავიდა, რაში დაიხარჯა, კაციშვილმა არ იცის. სამაგიეროდ, ვხედავთ, ექსტრემისტულ, „მოლოტოვის კოქტეილების“ დაფინანსებას, ლგბტ პროპაგანდას. არ გავუტარებთ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს ქვეყანა გვიყვარს თავისი რელიგიით, კულტურით, ტრადიციით. ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენი ხალხის უმრავლესობა მხარს გვიჭერს და ბოლომდე გავიტანთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.