იურიდიული კომიტეტი ექსკურსიებისას სკოლის მოსწავლეების უსაფრთხო გადაყვანის წესებზე მეორე მოსმენით იმსჯელებს
იურიდიული კომიტეტი ექსკურსიებისას სკოლის მოსწავლეების უსაფრთხო გადაყვანის წესებზე მეორე მოსმენით იმსჯელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებს ეხება.

კანონპროექტით დეტალურად განისაზღვრება სკოლის მიერ ორგანიზებული სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესები. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებული იქნება, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით.

ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით და მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი და როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება, რომელიც მოპოვებული უნდა იყოს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ ხუთი წლით ადრე.

ასევე, ცვლილებებით, მძღოლი ვალდებული იქნება, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

საკანონმდებლო ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ, ცვლილებებით, სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, რომლის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება ჯარიმა – 400 ლარის ოდენობით.